ქალი თეთრი კაბით


წვიმიან ქუჩაში ქალი ცეკვავდა,
წვეთებს რითმებად ეფერებოდა,
ხელებგაშლილი, მკერდმოღეღილი,
ღამეს თამამად ეალერსებოდა.
ის ტრიალებდა თავდავიწყებით,
ცეკვავდა მიწის ფეთქვის ბგერებზე,
ცამდე ადიოდა, ცამდე ცეკვავდა,
ცამდე იწეოდა თითისწვერებზე.
სრულ სიბნელეში სრულიად მარტო,
ის თავისსავე მუსიკას ქმნიდა,
მე კი ვიდექი და ვერც კი ვხვდებოდი,
წვიმა მეც მასთან ერთად რომ მცრიდა.
მას კი სიხალასე ….. თვალებში ჰქონდა,
ზეცას კი ორი ვარსკვლავი აკლდა,
ასეთი სილამაზის მე ჯერ არ მნახველს,
თავდავიწყებამდე აღარა მაკლდა…..
ქალი კი ცეკვავდა!!!…. ისევ ცეკვავდა!!!
იგი ბუნების ბგერებს შერწყმოდა,
მე კი ყურებში მისი მუსიკის,
წვიმის წვეთების რითმებიც მესმოდა.
მაგრამ მოიცა!!!…. ეს ის არ არის,
რად მეფიქრებოდა ნეტავ ამაზე?
რაღაცა აკლდა სრულყოფილებას,
რაღაცა აკლია ამ სილამაზეს!
თითქოს მოვიწყინე….. ქვაზე ჩამოვჯექი,
და ჩავიძირე მე ამ ამბებში,
თითქოს ყველაფერი გახდა უფერო,
თითქოს ყველაფერი გაქრა წამებში,
ფეხის თითებიდან თმის ბოლო ღერამდე,
ავათვალიერე… გული მომდიოდა,
ხოდა ვიპოვნე …. ღიმილის მაგივრად,
მას ტუჩებიდან… სევდა მოსდიოდა!
ლამაზი ტუჩები თითქოს დამჭკნარიყო,
სილამაზისთვის ამბობდნენ ვერაფერს,
სრულყოფილებას ვხედავდი მეგონა,
თურმე კი ღიმილი წყვეტდა ყველაფერს.
ღამე ოცნებებს უგულოდ ართმევდა,
გული სიბნელეში აღარ უთბებოდა
ქალი მკერდგაშლილი, ქალი უღიმილო
ტკივილს მხოლოდ წვიმის წვეთებს უყვებოდა..
მის ლამაზ სახეს კი საოცრად მდუღარე
მარგალიტისფრად დაჰკრავდა ელვები,
მე რომ მის ხალას თვალებზე წვიმის,
მეგონა წვეთები…. ყოფილა ცრემლები….
ასე ვიჯექი დამუნჯებული,
ჩემი გონება ფიქრსაც ვერ ბედავდა,
წვიმიან ღამეში კი …. თავდავიწყებით,
ქალი თეთრი კაბით….. მარტო ცეკვავდა….

წყარო: gpoets.wordpress.com

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი