ყინვის ყურძნის მტევნები ..
ყინვა გამეფებულა სამყაროში მალულად, თბილისური თითები წერენ გულს დაფარულად. ძალა გადარჩენისთვის ერთი ნაპერწკალია, ერთი კოცნით მომხდარი თავგადასავალია. ზოგი მითი რეალურს როგორ დამსგავსებია, საცალფეხოდ ხიდი გვაქვს, ფართო მხოლოდ გზებია. ინტერესით მოვკვდები, იმის იქით რა ხდება, ნუთუ მართლა იწყება, ნუთუ მართლა მთავრდება. ჯოჯოხეთის ამალა ეშმაკი რომ თაოსნობს, ციდან საცდურს გვესვრიან, ყველა ჩვენზე ნაოსნობს. ანკესს ცოდვებს ამაბენ, ფოჩებიან კამფეტში, აი ასე ვცდუნდებით, უჩერებელ ამბებში. რაა ნეტავ ცხოვრება, ბატონი თუ მონაა? იცი?... ბედნიერება, არჩევანის ქონაა. მონდომებაც ბევრია, მელოდიურ გამებში ტიტანიუმს გაადნობს, აფეთქება წამებში. სილამაზის თვალები, იასამნის სურნელით, ვერა, ვერ გადავრჩები თუ ვარ ყოვლის მსურველი. მინდა... მინდა სიცოცხლე, აზრები ხომ ომია, პოეტური ფრაზები, სადღაც გამიგონია, რომ ცხოვრება მძიმეა, რომ ცხოვრება ლოდია, ცაში მაინც ანათებს, ფიქრების მელოდია. მე რომ ხატვა შემეძლოს ფუნჯებს კონად შევყრიდი, შევხედავდი სამყაროს ილუზიას შევქმნიდი, სითბოს ფერში სიკეთის თბილი სიტყვის გამოთქმის, თვალდახუჭულ ფიქრში ხელს დავხატავდი გამოწვდილს. ავურევდი მზის სხივებს, მელოდიის დინებას დავხატავდი იმ ღიმილს გული რომ იღიმება. ჩვენ ადამიანების შეგვრჩენია იერი, დავხატავდი მშიერს რომ ლუკმას უყოფს მშიერი. დავხატავდი სიცივეს, აღარ მინდა.... ატაროს, მე სხეულით გავათბობ, დედამიწის.... სამყაროს. სადაც ბრძოლა წამიყვანს, ვიცი მეც იქ მოვხვდები, სიყვარულით ვიცხოვრებ, არასოდეს მოვკვდები... დავხატავდი რომ მინდა კვამლმა ცეცხლი აბოლოს სუნთქვას მივცემ დასაწყისს დასაწყისში და ბოლოს......... დავხატავდი ღვთის თვალებს მაშინ როცა აუწყეს, რომ ცოდვილმა შვილებმა ცდუნებებს რომ გაუძლეს. სიხარულით თვალებზე ცრემლი გადმომივიდა, ხელებს ვშლი და ვყვირივარ, ღმერთო.... გამოგივიდა ! სიყვარული დიდია, დავა არ ღირს ამაზე, ნებისყოფით ვაჯობებთ ეშმაკს ამ ქვეყანაზე მომაშველეთ ფანქრები, ვხატო, ვხატო გრძნობებით ყველა ფიქრთან მე მივალ, თქვენ არ დაგელოდებით. ითამაშოს ცდუნებამ, ძლიერი ვარ ამჯერად, ვერაფერსაც ვერ ვხედავ არაფრისაც არ მჯერა. რადგან ხარობს სიკეთე, ამ ქვეყნიურ მდევრებში, სიტკბო მუდამ ამარცხებს ... ყინვას ყურძნის მტევნებში !
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი