სიკვდილი
ცხოვრება შედგება წამებისგან და წამებისგან, ცხოვრების საუკეთესო წამი უკანასკნელი წამია, როცა, სულელსავით, გაყინულ სიკვდილს, თბილი ძარღვებიდან, სითბოს სიცივეში უცვლი. ამ უკანასკნელი ამოსუნთქვისას ყველაზე უფრო ნოყიერია ჟანგბადი, ყველაზე უფრო მძაფრია ხველება, ყველაზე უფრო სასიამოვნოა ტკივილი, რადგან გრძნობ, რომ ჯერ კიდევ დაგრჩა სიცოცხლის რამდენიმე წამი. ამ უკანასკნელ წამს იწყებ წამებას, ებღაუჭები ყოველ ამოსუნთქვას, ფიქრობ შენს გავლილ გზაზე და უფრო მეტად გაუვლელზე, იხსენებ იმ ოცნებებს რომლებიც ბავშვობაში გქონდა, გაგონდება პირველი წარუმატებელი, მაგრამ მაინც ნამდვილი, უმანკო სიყვარული, ფიქრობ ბავშვობის მეგობრებზე, რომელნიც დაკარგე. ამასობაში, ცივი სიკვდილი ნელ-ნელა გიყინავს სხეულს და შენი სული იწყებს გამოსვლას აიზბერგად ქცეული სხეულიდან. და რჩები, ნახევრადმკვდარი, იქამდე, ვიდრე შენი სახელი ვინმეს ახსოვს, ვიდრე შენს საფლავს ვინმე ცრემლით რთავს. და ასე ხარ, ცოცხალ-მკვდარი, სანამ მომგონებლებიც არ იქცევიან მოგონებად.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი