გორაკი


"- რატომ მკლავ, კაცო?
- როგორ თუ რატომ? შენ ხომ წყალგაღმა ცხოვრობ?! შენ რომ გამოღმა ცხოვრობდე, ჩემო კეთილო, მე მართლაც მკვლელი ვიქნებოდი და შენი მოკვლა ბოროტმოქმედებად ჩამეთვლებოდა, მაგრამ რაკი წყალგაღმა ცხოვრობ, ჩემი საქმე სამართლიანია და მე გმირი ვარ!"
                         პასკალი

  ******
ყველაზე დიდი განცდა ომის შემდეგ მარტოდ დარჩენილი ადამიანების მოლოდინის განცდაა. ასეთი ადამიანები მამაცები არიან, ისინი ირჩევენ თავიანთ ბედს, თვალდახუჭული ენდობიან და ანდობენ ოჯახებს მას. ისინი ირჩევენ ბრძოლის შემდეგ ომს და თამაშობენ ყველაზე სახიფათო თამაშს, სიკვდილ-სიცოცხლის თამაშს, ეგუებიან რა წინასწარ დამდგარ შედეგს.
ჩვენ ვცხოვრობთ აწმყოთი, ჩვენ ვცხოვრობთ იმის გააზრებით, რაც ახლა, აქ და ამჟამად ხდება, ამ განცდის მისადაგებით არსებულ რეალობასთან, ამიტომ თითოეული ჩვენი არჩევანი გამომდინარეობს მხოლოდ ამ განცდის ყოველწამიერი გადააზრების წყურვილიდან , რაც თვითგადარჩენის ინსტინქტით ან სიკვდილის შიშის სახით დიდი ხნის დაძლეული აქვს გონებას...

*******
ომის დამთავრებიდან ერთ თვეში სახლის წინ, ქლიავისფერ გორაკზე,  მზე ისევ ისე ჩადიოდა და ამოდიოდა. რაც სოფელი დაიცალა, ამ გორაკს ადამიანის ფეხი არ შეხებია, ხანდახან დათვი ან მგელი თუ გაიელვებდა ხოლმე. ნოემბრის ბოლოს გაწვიმდა. ბიჭს ესიზმრა,  როგორ ჩაურბინეს მას გორაკიდან  სახლის მიმართულებით გამოქცეულმა ფუმფულა დათუნიებმა და  როგორ შემოსკუპდა ბაბუს გაკეთებულ პატარა სამფეხა ხის სკამზე.  არ შეშინებია, მხოლოდ ხელი დაუქნია  უნებლიეთ.
ბიჭს თორმეტი წელი შეუსრულდა ნოემბერში. აგერ უკვე ერთი თვე გავიდა, რაც დედასა და მამასთან ცხოვრობდა მარტო, მოწყენილი. სოფლის სხვა ბავშვები უეცრად სადღაც გაქრნენ. მამა ამბობდა, მალე დაბრუნდებიანო, მაგრამ გორაკის თავზე კვლავაც არავინ არ ჩანდა. არც მამა გასულა ქალაქში საყიდლებზე, არც დედას მოუნახულებია მეზობლები მთელი თვე. ბიჭი  სათამაშო თოფს თლიდა ხისგან, როდესაც მამამ დაუძახა. მამამისი ახალგაზრდა წვერებიანი კაცი იყო, ქორივით მზერით, უტეხი, ცხოვრებისგან დაღდასმული, კუშტი გამომეტყველებით. მის სიტყვას ყველა განურჩევლად, ბრმად, უპირობოდ ემორჩილებოდა, მაგრამ დედა განსაკუთრებით, რადგან ის აღმერთებდა ქმარს.
მზე ჩადიოდა, ამასობაში გორაკზე ჩამომავალი ადამიანების სილუეტები უფრო და უფრო გრძელდებოდნენ, მათი უცნაური სიცილ-ხარხარისა და ლაპარაკის ხმა თანდათან უფრო გარკვევით ისმოდა. მამა გაირინდა და ბიჭი ხედავდა, როგორ უყურებდა იგი გორაკზე ჩამომავალ უცხო ადამიანებს. ისინი ოცნი იყვნენ. უფროსმა, რომელსაც ხვლიკისფერი ფორმა ეცვა, ჭიშკართან სიგარეტს მოუკიდა. დედამ უსიტყვოდ გამოიტანა ხის სამფეხა სკამი, ფაქიზად დაალაგა პური, ღვინო, ყველი და ბოსტნეული. მამამ ღვინო დაასხა.
- ჯერ შენ დალიე ეს ღვინო! დალოცე მიწა, რომელზეც დგახარ,  ჩვენი მიწა, ხომ გესმის?! ომში მოგებული მიწა!
- მე თქვენთან ომი არ მქონია და არც მექნება არასდროს! მე ის ვიცი, რომ ეს მიწა, რომელზეც ახლა მე და თქვენ ვდგავართ, ძვლებსა და ცხედრებს იფარავს იმ გმირებისა, რომლებმაც საკუთარი თავი მხოლოდ იმისთვის გაწირეს, რომ ეს მიწა თქვენ და მე გვქონოდა. 
- რაღაც ვერ გაიგე, ეტყობა. შენ ამბობ, ეს შენი მიწაა? - უცნობმა სიგარეტი გადააგდო.
- მე ის ვიცი, რომ ეს არც შენი და არც ჩემი ომია და არც ერთს არ მიგვიღია ამ ომისაგან  არაფერი, ტკივილის გარდა. მე ის ვიცი, რომ თუ მე და თქვენ დღეს აქ ვიომებთ, მომავალი არ იქნება. მე ის ვიცი, რომ თქვენ ჩემი სტუმრები ხართ.
ამ სიტყვების გაგონებისას ერთმა, უსაქციელო სიცილი რომ ედო სახეზე და ყველაზე ახლოს იდგა ოცმეთაურთან, სკამს ფეხი წაჰკრა. მამამ მშვიდად აიღო პური, ყველი, დოქში დარჩენილი ღვინო და  სკამზე შემოდგა. ისინი ხმამაღლა იცინოდნენ, მერე ერთმა ისევ წაჰკრა ფეხი სკამს. უცებ ჰაერში ხმები გაისმა, რაღაც ქაოსური, ერთდროულად მელოდიური და საზარელი:
- შენ მომიკალი მამა! შენ მომიკალი ძმა! შენ მომიკალი შვილი! - კაცების ღრიალი მოედო იქაურობას, ოცი კაცი ერთ მთლიანობად ქცეულიყო, ერთ სხეულად.
მამა კი  მშვიდად იდგა. 
გორაკის თავზე მზის ფრაგმენტიღა მოჩანდა.
სხვებისგან წაქეზებულმა უფროსმა სკამი ამოაყირავა და მამას უყვირა:
- უთხარი შენს შვილს, რომ ზედ შედგეს!
მამას პირველად შეეცვალა გამომეტყველება, თვალები აუწყლიანდა.
- მე შევდგები ზედ, გთხოვთ!
- უთხარი შენს შვილს, რომ ზედ შედგეს! - ზიზღით გამოსცრა უცხომ.
სანამ მამა რამეს იტყოდა, ბიჭი სკამზე ავიდა. ნახევრად მკვდარი მზის ბოლო სხივი გორაკს ეთამაშებოდა.
უცებ უამრავი დათუნია დაეშვა გორაკიდან - ჯერ ასი, მერე ათასი დათუნია ჩამორბოდა ერთდროულად, მორბოდნენ და  ყვიროდნენ, იცინოდნენ და ტიროდნენ, ყველა საშუალებით ამცნობდნენ ადამიანებს თავიანთ არსებობას. ბიჭს გაუხარდა, ეცნო სიზმრის მეგობრები.  ერთი სული ჰქონდა, როდის ჩაურბენდნენ ახლოს, რომ ხელი დაექნია. რამდენიმე წამში ფუმფულა დათუნიები შეშლილ მამებად, ძმებად და შვილებად გადაიქცნენ. გორაკს მოფენილნი, ამღვრეული, შეშლილი სახით მორბოდნენ და თითქოს ლითონი ჩაასხესო ხმაში, ღრიალებდნენ:
- არ ეპატიოს შენს ოჯახს, გვარს, ჯიშსა და ხალხს ჩვენი შვილების, მამების, ძმების სისხლი! სისხლს ავიღებთ, მხოლოდ ბავშვის, შენი ბინძური თესლის ნაყოფის, თბილი სისხლი თუ გამოისყიდის ჩვენი მამების, ჩვენი ძმებისა და ჩვენი შვილების სისხლს!
- სისხლი!
- სისხლი!
გუგუნებდა თითოეული და ყველა ერთად. ბიჭმა მამას შეხედა.
...
არაფერი სტკენია, ათასგვარი შეგრძნება ერთმანეთში აირია, ნელ-ნელა მამის ყვირილიც სხვათა  დაუსრულებელ ხმოვანებაში ჩაიკარგა...

  *********

ჩემს მარტოობას აზრით ვავსებდი, ვასულიერებდი და შენ დაგინახე. მაშინ სხეულსა და სულში გამოიფურჩქნა ფიქრი, რომ შენ უშველიდი ჩემს მარტოობას, დედამიწას შენი სიყვარული დაატრიალებდა მარადის და მარადის და მარადის.

და შენც მომეცი ნება, შენს ყორეზე მომეთქვა სული, შენი სულის ბაღის ლეღვის ხის ჩრდილში ჩამომესვენა და შენი მაცოცხლებელი წყაროს წყალი შემესვა უკვდავებისთვის, რათა ფესვებივით გამედგა სიცოცხლე. ვერავინ ისე ვერ იგებდა და ვერ გრძნობდა ჩემს უხმო და მდუმარე სატკივარს, როგორც შენ და მე აღარ მტკიოდა იგი, რადგან შენთან ერთად, შენს სუსტ მკლავებსა და მხრებზე დაყრდნობილი, მე ვძირკვავდი ამ სარეველასავით ტკივილს, რომ მისი მოთხრილი ფესვის სიცარიელეში მარადიულ სინათლედ დამეთესა შენი ღიმილი, შენი რწმენა, შენი ცრემლი და ტკივილი. და შენ არასდროს არ შეგეძლო, დაგებინძურებინა იმ წმინდა წყაროს წმინდა სათავე, არ ამღვრევდი, ჯიუტად დარაჯობდი, რათა მე გესაზრდოებინე, მე გამოგეკვებე, მე გეცოცხლებინე და გეცოცხლებინე არა მხოლოდ შენი თბილი სხეულის თბილი ხნულებით. სწორედ ამ თბილ ხნულებს რწყავდი ამ წყაროს წმინდა წყლით და მიქარწყლებდი და მავიწყებდი, რაც კი მყოფობდა ჩემში მძიმე, მკვრივი და ბასრი. თუმც სულ არ მიქრობდი, იარაღად ხომ უნდა მომემარჯვებინა რაღაც, თუკი ოდესმე მშიერი მგლების ბნელ ქუჩებში მომიწევდა გავლა და არყოფნის ამაზრზენი წუთი დადგებოდა?! მაგრამ ვერ შევძელი. მხოლოდ შენი სიყვარული და ამ სიყვარულის ნაყოფი დაამტკიცებდა, რომ ჩემი სული სამყაროს უსაზღვროების განუყოფელი ნაწილი იყო და არა ფილტვებიდან ამონადენი გამთბარი ჰაერი, რომლითაც ვარსებობ და არ მაქვს უფლება, დავიკრიფო გულზე ხელები იმ დაბლაგვებული ნიჩბებივით, რომელთაც უკვე არ შეუძლიათ მიწის ამოთხრა. მაშინ არ ვიცოდი, რომ სწორედ მამაჩემის ხელით გამოთლილ სამფეხა სკამზე თეთრ ბაირაღად ავაბრდღვიალებდი ჩვენს შვილს სამშვიდობოდ და იმ მამაჩემის დაკოჟრილი ხელებით გამოთლილი სამუშაო იარაღებით გავუთხრიდი სამუდამო სარეცელს ჩვენი არსებობის მარადიულობად ჩაფიქრებულ სიცოცხლეს - ჩვენს შვილს, ჩვენი ორი სიცოცხლის ერთ კანონზომიერ, მარადიულობასთან წილნაყარ დასკვნას. თუმცა ის ახლა ადამიანთა სისხლით გაპოხიერებულსა და გაჟღენთილ მიწაში ასვენია, როგორც განწილული ღმერთის უმცირესი მარცვალი, რომელიც შემოქმედმა, ჩვენდა საბედისწეროდ, რომ დაიხარა, თავისი კალთიდან ჩამოიფერთხა. დრო დავაყარეთ ჩვენს შვილს გულზე მიწაზე მეტი, მიწაზე მძიმე, შეუვალი, ბნელი და გრილი, ის დრო, რომელიც ამ სამზეოში უნდა გაევლო. მას ჩვენ მიწის თბილ ხნულში ვუპირებდით გაღვივებას, მაგრამ მარადიული ტკივილის მარადიული ბეჭედივით დაეტყო... ზეცას და არა მიწას!
მაპატიე ის ერთი წამი, ის ერთადერთი წამი სისუსტისა და უმეცრებისა, ნდობისა და მტრის ღირსების რწმენისა.
როგორ მინდოდა უშფოთველად კვდომა შენი სითბოს, სიმშვიდის ჩრდილში, მაგრამ იმ დღის შემდეგ, ჩემ გარდა, არავინ არ ჰყავს პატრონი ჩვენი სახლის კერიის მწარე კვამლის სუნით გაჟღენთილ შენს კაბასა და შენი ბნელეთივით შავი და მტანჯველი თავსაფრიდან გამოჭყეტილ ჩვენს ნაადრევად გაჭაღარავებულ წარსულს, ქვადქცეულ გულზე რომ მეყრება ნაცარივით, როცა მძინარეს მხრებზე ისე მკოცნი, თითქოს შხამს მწოვდე იარიდან… 
- შვილია ჩემი! შენ ჩემს საშოში, როგორც ქურაში, ის, პატარა მარცვალი სიცოცხლისა, გამოწვი და გააუკვდავე! მაგრამ გზამ დაგღალა და უღალატე ჩემს თბილ ხნულში გაღვივებულ მარცვალს, მისი და ამით შენიც, უკვდავების სიმძიმე ვეღარ ზიდე, დაიქანცე! - წამოგცდა წუხელ, როცა ცრემლისგან დალტობილ ბალიშზე ჩემგან ზურგშექცევით ჩაგეძინა. ამის ბრალია ჩემი მარადიულობად ქცეული გაოგნება.
მე ის კაცი ვარ, მხოლოდ ერთი, ერთადერთი წლის სარჩოს რომ სთხოვს მიწას, მხოლოდ ერთი ერთადერთი წლის ვადით იხანგრძლივებს არსებობას…
რადგან საფლავში გველებივით მომყვება ფიქრი შვილსა და ქალზე, რადგან სიკვდილი მოკვდა ჩემთვის. სიკვდილის მახვეწრად ვიქეცი, მაგრამ არ ვკვდები. როდესაც მტრის ღირსებას უპირობოდ მივენდე, მაშინ მიმატოვა შვილმაც და ცოლმაც. დავცქეროდი ჩვენი შვილის ჯერ კიდევ თბილ სხეულს, სიცოცხლე რომ ებრძოდა მომძლავრებულ სიკვდილს, დავცქეროდი და ვხედავდი ჩვენი შვილის ვედრებით გაოცებულ სახეს, რომ შიში გამომედევნა მისი პატარა ბავშვური სხეულიდან, მის რაღაცნაირ ბავშვურ ღიმილს, შენს მონაღვლიანებულ მზერასა და დღემდე პასუხგაუცემელ ერთადერთ კითხვა-საყვედურს: რატომ? ჩემი სული ხომ ნათელი დღე არის შენთვის?! რატომ ითხოვ ცხად პასუხს, პასუხს, რომელიც უჩემოდაც ცხადზე უცხადესად იცი!
აჰა! მე ვარ კაცი, რომელმაც მტრის ნდობისა და მტრის ღირსების რწმენის ფასად დაკარგა მარადისობა, დაარღვია არსებობის მარადიულობის წესი. მე ვარ შვილის მკვლელი მამა?! მე მთელ დარჩენილ სიცოცხლეს გადავიხდი იმ ერთი, ერთადერთი წუთის პატიებაში და ამ ფასადაც არავინ მომყიდა ის ერთი წუთი, რომ სამყაროს კიდევ ერთხელ შევახსენო ვერაგი მტრის დაუნდობლობა, მუხანათობა, სიმდაბლე. იმ დღის შემდეგ, როცა ჩემს კერაზე ცეცხლს ვაღვივებ, მეც ვწითლდები ნაღვერდალივით, მაგრამ არ ვიცი, ეს სიწითლე რისი ბრალია: სიყვარულისა თუ სირცხვილისა… ორკაპი ჯოხივით მებჯინება ეს ორი გრძნობა სასულეზე. მე კარგად ვიცი, რომ სიკვდილის უფლება არ მაქვს, წინ ერთი გზაა - შენი ფრჩხილით, სისხლით ამოკაწრული, შენი ტკივილით გაქვავებული და მოკირწყლული შენი კერპი სიჯიუტითა და მოთმინებით… მარტოკაცი ვარ გზაზე, შენგან მიტოვებული, გაღმაგანაპირებული, თუმცა უდაბნოში ოაზისივით მაინც ელავს შენი ლანდი და მოსახვევში დამიხვდება, წყაროდ ქცეული, თავის სულში რომ ჩამახედოს და წყაროს წმინდა წყლით სული მომათქმევინოს. მე იმ მიწას ვერ მოვწყდებოდი, რომელმაც შემქმნა, გული გადაიღეღა და არსებობის წყარო გულუხვად გამიზიარა. მე ეს მიწა თავს მირჩევნია, რადგან ადამიანი ვარ. მონობა? არა! საჭურისობაა მონობა და სწორედ ამიტომ ავუფრიალე მტერს ბაირაღივით ჩემი შვილი - ჩემი სიცოცხლე. ბავშვს ეშინოდა. როცა მტრის ოცეულის მეთაურმა მისი სახლიდან გამოყვანა და მამაჩემის დაკოჟრილი ხელებით გამოთლილ ხის სამფეხა სკამზე შედგომა ბრძანა, მშვიდად ავიდა, რადგან ამ სკამზე მაშინ შემოსკუპდებოდა, როცა საფრთხეს იგრძნობდა. ამ სკამზე ფაქიზად ელაგა დარეცხილი ბოსტნეული, ყველი, პური და ღვინო. სკამი და მამა მისთვის თავშესაფარი იყო, მაგრამ მტრის მიერ აყირავებულმა სკამმა - დანგრეულმა თავშესაფარმა, დაქცეულმა ღვინომ და მიწაზე უპატიოდ დაგდებულმა პურმა შეაშინა პატარა ბიჭი, ლიმონისფერი მაისურით მზესავით რომ ენთო სკამზე, თითქოს მზე კვარცხლბეკზე დააბრძანესო. იარაღის მჭიდმა საბედისწეროდ გაიჩხაკუნა და ვიფიქრე, თუ ამ პატარა უმწეო ტოტს გადატეხს მტერი, მხოლოდ იმიტომ, რომ ეშინია. რისთვის იჭრება კაცი იარაღით ხისთოფიანი მზისფერი ბავშვის თავშესაფარში, თუ ამ სიცოცხლის შიში არ დააქვს თან? ოდესღაც კაცი, დღეს მტრის შვილის სიცოცხლის ზეიმმა ლაჩრად აქცია. როგორ ეძებდა საკუთარ სულში ის ოცმეთაური ძალას, რომ ეპატიებინა მზისფერი ბავშვისთვის შვილის სისხლი, ძმის სისხლი, მამის სისხლი, მაგრამ ვერა, ვერ აჯობა შიშს, რომ მგლად ყოფნას თუ ცხვრად ყოფნას არჩევდა, იტყოდნენ, გადედლდაო. ძალის სისუსტე ხომ მხოლოდ ისაა, ძალისა რომ სწამს მხოლოდ. პატარა ბიჭს თანდაყოლილი სიკვდილის შიში უჟონავდა თვალებიდან, მაგრამ ეს მუსიკა... ნაღველმა და გაოცებამ შეცვალა შიში, შიში ბატონად არ გაიხადა.
იმ ოც კაცში ყველას ეშინოდა, რომ თუ თვითონ არ მოკლავდნენ ბიჭს, ბიჭი გაიზრდებოდა და მოკლავდა მათ, აუცილებლად მოკლავდა.
უფრო მარტივი არ არის, გძულდეს, ვიდრე გიყვარდეს?! ყველაფრის ეშინოდათ, რაც მტრისა იყო და ყველაფერი მოსრეს. სულ რომ მთელი ქვეყანა მონად გაიხადონ, მათ შიშს მაინც არაფერი ეშველება: განა წარმავალი ხორცის მდაბიო სიყვარულის ცეცხლს თუ მტრის სიცოცხლეს დააყრიან, სხვათა ტანჯვა, სხვათა ცრემლი, სხვათა ტკივილი შიშს გააქრობს? ახლა ხომ მხოლოდ ის მოკლეს, ვისი მოკვლაც ადვილი იყო! ბიჭი კი... ბიჭი სულ განათდა, მაგრამ მთავარი წყვდიადში დარჩა. შენ კი მთელი წელი აღარ ისმოდი და აღარ ჩანდი. ხოლო ის წელი ჩემთვის გავიდა ძალიან ნელა და ღმერთმა იცის, რამდენი იყო ის ერთი  წელი შენთვის...

  **********
  "სახლი, მოწყენილი, სადღაც იყურება. მოდის შემოდგომა. ლამის ჩამოიღონ ზეცა წეროებმა." მზისფერი გორაკიდან ისევ ეშვებიან დათუნიები...
 ბებერი მუხის კენწეროზე აღარც ერთი ფოთოლი აღარ იბრძვის სიცოცხლისათვის, ისევე  როგორც ჩვენ: 
   მე და შენ!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი