ღმერთებს კარგი წინათგრძნობა აქვთ
******* ...შორიახლო მოხეტიალეს თითქოს ვერც მამჩნევდა. შავი ქუდი ეფარა და ჩამოძონძილი, ხაკისფერი ზედა ტანსაცმელი რაღაცნაირად გამობეროდა გვერდებზე. - ცხენს წყალს დავალევინებ და მოვალ - მიწყალობა როგორც იქნა. კბილებში ბალახგარჭობილი ოცი წუთი ველოდებოდი როდის მობრუნდებოდა. ხასიათი იგივენაირად წამხდარი მეჩვენა, როცა დაჯდა პატარა სკამზე, კველაზე. თვალებში არასოდეს მიყურებდა, არც ის უყვარდა რომ აკვირდებოდი, ფეთქდებოდა. - დალევ?... ხო, რა თქმა უნდა არაყს! მოვეშვი და დავჯექი უსიტყვოდ. არაყს მღვრიე ფერი ჰქონდა, კონსერვი გახსნა და დანა მომაწოდა, მოხარშული კვერცხი და მწვანილი დადო. - წყალს აყოლებ ისევ? -- ჩაეცინა, ეხლა ერთი-ერთში გავდა მარადონას. მეც გამეცინა და თავი გავაქნიე უარის ნიშნად. მიხვდა, უსიტყვოდ ვიცოდი რას არ მპატიობდა. - გახსოვს, ჩესტერფილდი რომ გათხოვე? - მთელი საუკუნე გაიწელა წამი. - კი. - მერე? მოგეწერა რამე... - თან პურს ღეჭავდა - ხო მოვედი! - ბრაზმორეულმა სიტყვა ვესროლე. სამი ჭიქა უხმოდ დავლიეთ, სამი სამოსახლოს სადღეგრძელო. შორს ბატების ყაყანი ისმოდა, ეზოში ზუსტად ის სურნელი ტრიალებდა, რაც ბავშვობიდან მახსოვდა. - იცი, ცხენებს თავისებურად მოვლა-პატრონობა უნდა. ძალიან ერთგულები არიან, აი, ბუთხუზა რომ იყო ისე... იცი როგორ მოკვდა? თქვენ რომ წახვედით შიმშილობდა, ირგვლივ გვამები ეყარა, მაგრამ შიმშილით მოკვდა, აი, ქათმებიც არ უჭამია. სასწაული ძაღლი იყო. - ჰო' მახსოვს, რამდენი ირბინა სანამ თვალს არ მივეფარეთ, სად დამარხე? - ვიცოდი არ მეტყოდა. - მოდი წასულების ვთქვათ, ყველა სულდგმულის, რომელიც თავის სულს პატიოსნად დაემშვიდობა. - ბუთხუზასიც? - შენ რა ძაღლების სულზე არაფერი გსმენია? თუ ძაღლების საიქიო სადმე ცალკე გგონია? ისინი იქაც ამტკიცებენ ერთგულებას და საერთოდ, იმდენჯერ ამტკიცებენ, სანამ ჩვენ არ მოგვწყინდება. -რისი გეშინია? -ვკითხე უცებ რაც მომადგა. - არ ვიცი, ალბათ იმის, რომ ძაღლი არ მეყოლება სამოთხეში...ან ცხენი.. - ანუ არ გეთმობა, აქ... - ხო, ერთი რაც არ მინდა ძალიან - ესაა: საწოლში არ მოვკვდე. - ვიცი ეგ. ჰემინგუეიმ თქვა მგონი. ძაღლს პური გადაუგდო და დაასხა. - რას კითხულობ? - სტოიკოსებს. რეაქციას დავაკვირდი, თითქოს არაფერი. ამასობაში ყველაფერი შემიყვარდა თავიდან, თითოეული ხე, გუბურა, ბოსელის დამპალი ფიცარი და კენჭები შარაგზაზე... ისიც... - კარგია რომ მოხვედი... ჩვენ აქ დარჩენილებმა ვერაფერი გავაწყვეთ. გული მერევა ამ საცოდაობაზე, ვერავის ვერ ენდობი, გადაგვარდნენ და დროს მოერგნენ. ხანდახან მთელი დღე გადის უხმოდ, უკაცოდ, უმეგობროდ... იმდენს ვერც ვსვამ რომ მოვერიო, დავჭმუჭნო და გადავაგდო, ზოგჯერ გაქცევაც მინდა, მაგრამ სად? ან ამ წიგნებს რა ვუყო? რამდენჯერ გადავმალე, მიწაშიც მქონდა დაფლული... დოსტოევსკი გაფუჭდა, ლუკრეციუსი შენ რომ გამომიგზავნე დალპა... - ბჰაგავატ გიტას სქელი ფურცლები ჰქონდა, გაუძლებდა - ვცადე ხუმრობა. - ეგ დაიკარგა, ეტყობა თავს უშველა დროულად... ღმერთებს კარგი წინათგრძნობა აქვთ... გაგვეცინა. დავლიეთ. ბოლოჯერ... 2006 წელი იდგა, მეცამეტე წელი ჩვენი დევნილობის. ****** რამოდენიმე წლის შემდეგ ძაღლის ყმუილმა გააღვიძა მამაჩემი, გიჟივით გავარდა ძმის სახლში და კარები შეამტვრია. მის სახეზე სევდა ბატონობდა, მშვიდად იწვა პირაღმა, თავის არ შემდგარ ბედ-იღბალს გლოვობდა თითქოს. საწოლში შეხვდა სიკვდილს, ზუსტად ისე როგორც იცხოვრა, პატიოსნად მარტომ... ისეთი მახსოვს როგორიც ბოლოს ვნახე, დარდიანი და შეუცნობელი. დარწმუნებული ვარ ბუთხუზასთან ერთად სეირნობს სადღაც, იქ, მარადისობის ხეივანში და თავის საყვარელ ჰემინგუეის ებაასება გულიანად.... თბილისი, 2016 წლის მარტი, მისი დაბადების დღე❤
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი