კაზუო
კაზუო *********** ყველაფერი დაიწყო იმით, რომ თერთმეტი წლისას დედამ სრულ მარტოობასა და მოწყენილობაში ასწავლა ცხოვრება, ასწავლა, როგორ უნდა ეხსნა თავი მხეცივით შემოტეული სინამდვილისაგან... კაზუო არ იყო ცუდი და ეს ყველამ იცოდა. როგორც სჩვევიათ ხოლმე, ადამიანები მის მიმართ რაღაცნაირ სიბრალულს იჩენდნენ. ერთნი ფიქრობდნენ, რომ უიღბლო იყო და სითამამე აკლდა, მეორენი დარწმუნებულნი იყვნენ, რომ სუსტი იყო და მოუმზადებელი ამ ცხოვრებისათვის... სინამდვილეში კი სრულყოფილი სიცარიელისკენ მიილტვოდა კაზუო... ჯიუტად მიიწევდა იგი ამ სალი კლდეებისაგან აწყობილ უმძიმეს გზაზე, რომელსაც შურივით ეტყობოდა კაცთა თვალისათვის უხილავი მარტოობის ბილიკები... ყველამ იცის, რომ მხდალს ყოველთვის სჭირდება თანაგრძნობა, არა გამხნევება ან დახმარება, არამედ უსასრულოდ აუცილებელი თანაგრძნობა... როგორც წესი, როცა ცუდი ადამიანი არ ხარ, მაშინ თანაგიგრძნობენ, როცა პირიქითაა, მაშინ ყველას უყვარხარ! კაზუოს მხოლოდ თანაგრძნობა სჭირდებოდა... ის არ იყო ცუდი... და ეს ყველამ იცოდა. ყველამ კაზუოს გარდა! კაზუომ და დედამ სოფელი თოჯინებით დაასახლეს, ლამაზი ფერადკაბიანი თოჯინებით... კაზუო ჯიუტად ძერწავდა თიხისაგან თოჯინებს, დედა კი კაბებს უკერავდა მათ, მზრუნველად აცმევდა კაზუოს თოჯინებს ფერად სამოსს და იმ სახლების ეზოებში ტოვებდა, სადაც ბავშვები ცხოვრობდნენ... გუბურებთანაც ტოვებდა ხანდახან პატარა დიდებისათვის, მეოცნებეებისათვის... წყაროსთანაც ტოვებდა მწყურვალთათვის... ასე იქარწყლებდნენ მარტოობასა და ტკივილს დედა-შვილი მანამ, სანამ დედამ თავად არ ისურვა საბოლოოდ მარტოობა და შვილი არ გაწირა უმწეო მარტოყოფნისთვის... კაზუომ მეზობლებს ჰკითხა, სად არისო დედა, მათ კი მიუგეს, ნუ დარდობ, ზეცაშიაო იგი. ზეცაში მარტოობა არისო? გაოცდნენ სოფლის მკვიდრნი, რა იცისო ბავშვმა მარტოობა? ამიტომ მიუგეს, ზეცაში მხოლოდ ბედნიერებააო. განა მარტოობა უბედობააო, შეესიტყვა ფიქრში კაზუო... შეებრალა კაზუოს თოჯინები, დედისაგან მიტოვებული ცრემლშემხმარი თოჯინები, სახლების აივნებზე, სათამაშო ეტლებსა და ბავშვების საწოლებში წამოსკუპებული, გაოცებისაგან თვალებგაფართოებული თოჯინები... დღენიადაგ ზეცისკენ მაცქერალნი, ოდესღაც ფერადი, მაგრამ ახლა უკვე გახუნებულოცნებებისფერი, დახეული სამოსიდან ბუმბული და ბამბა რომ სცვიოდათ... სტკიოდა კაზუოს თოჯინები... სტკიოდა კაზუოს უდედობა, რადგან მხოლოდ დედას უყვარდა ამ სამყაროში იგი... და დაემხო კაზუო და ცრემლმა იწვიმა მის თვალთაგან: ღმერთო, მე ვცხოვრობ მარტო, სულ მარტო... დედის, ცოლისა და შვილის გარეშე... რამდენნაირი გზა მოვსინჯე, ვიდრე შენამდე მოვიდოდი: თოჯინები... თოჯინები - მუდმივად ღია ფანჯრები ღმერთამდე, ცამდე... მე არ ამირჩევია ასეთი ცხოვრება, მაგრამ ის ვარ, რაც გამოვძერწე საკუთარი თავისგან. ვიტანჯები, წლები კი მიდიან, მიდიან, მიდიან... ტკივილი გაქრა, რადგან სულ მტკივა და უკვე ვეღარ ვგრძნობ... სიყვარული? ქვა რომელიც გდია ზღვის ფსკერზე... მე უნდა გავხდე უგრძნობელი, დავივიწყო ჩემი ნიჭი... მე, დედისაგან, შენგან, ყველასაგან მივიწყებულმა, რა უნდა ვქნა, ღმერთო? მე, ვისაც შენ, ღმერთმა, ყველაზე სამართლიანმა და ყოველთვის შეუცდომელმა, გულის ნაცვლად გულში თიხის სიმძიმე რომ ჩამიტოვე? რა უნდა ვქნა მე მარტოსულმა? აგუგუნებულ ყურებზე ვერც თიხისაგან დაკოჟრილი ხელისგულების აფარება მშველის და ღამღამობით, თითქოს მეწყერი წამოვიდა მკერდიდან ყელში თიხით ავსებული ჩემივე ხმა მაღვიძებს. ასე ტიროდა კაზუო. ....... გაზაფხულის ერთ დილას კაზუოს მეზობელმა შენიშნა, რომ თოჯინები აღარ იყვნენ... მომდევნო ღამით მეორე მეზობლის სახლიდანაც გაქრნენ თოჯინები, შემდეგ ღამით - მესამე მეზობლის ბავშვი აღარ იძინებდა, რადგან ვერ იპოვა თოჯინა, კაზუომ რომ საგულდაგულოდ მისთვის შექმნა თიხისაგან... შემდეგ ღამით სხვა სახლებიდანაც გაქრნენ თოჯინები და ასე ნელ-ნელა მთელი სოფელი დაიცალა თოჯინებისგან... ვერავინ გაიგო, სად გაქრნენ, სანამ კაზუომ ქუჩის თავთან შეკრებილ ხალხს ამაყად არ განუცხადა, რომ თოჯინები მან გაუშვა ზეცაში, დედასთან, რადგან სული დაკარგვოდა მათ... სთხოვეს კაზუოს, რომ დაებრუნებინა თოჯინები, მაგრამ მან ჯიუტად გააქნია თავი. დაემუქრნენ, მაგრამ გაკერპდა მეთოჯინე კაზუო... ბოლოს სცემეს... მთელი სოფლის კაცები ურტყამდნენ... თავიდან - ფრთხილად და უმტკივნეულოდ, მხოლოდ შესაშინებლად, რადგან იცოდნენ, რომ კაზუოს ხელები ფაქიზად მხოლოდ თოჯინებსა და ბავშვებს ეხებოდა... მაგრამ კაზუოს ხელი არავისთვის შეუბრუნებია, სახეზე მკლავებაფარებული იწვა და უცრემლოდ ტიროდა... ტკივილი არ ატირებდა... კაზუო წუხდა, მიწაზე გართხმულს რომ ხედავდნენ ბავშვები... მიწაზე გართხმულს, შელახულს... ეტკინა კაზუოს ბავშვების თანამგრძნობი თვალები... ბედს დამორჩილდა. ბედსა და ადამიანებს... წავიდა. ტყე-ტყე და ბუჩქნარ-ბუჩქნარ დაიპარებოდა კაზუო, რადგან გზაზე ყველა შემხვედრი ლანძღავდა, სწყევლიდა, აგინებდა და აფურთხებდა... მხოლოდ ბავშვებს უხაროდათ მისი დანახვა... მან ხომ სევდიანი თოჯინები დედასთან ააფრინა ზეცაში, თვალზე ცრემლშემხმარი, სამუდამო მარტოობისათვის განწირული თოჯინები... ღამით, ძილის წინ, მხოლოდ საკუთარი თავისათვის, უფროსებისათვის გამხელის გარეშე, წარმოიდგენდნენ ბავშვები ჭუჭყიან და ათასგან დაკერებულ გაზინთულ შარვალ-ხალათზე ჩაფრენილი თოჯინები როგორ წააფრენდნენ კაზუოს ზეცაში... გავიდა დრო... თანდათან კვლავ შემოეჩვია სოფელს კაზუო, თანდათან კვლავ შეეჩვია სოფელი მას... ისევ იმეტებდნენ მისთვის სამადლო ლუკმას ან იქნებ ზედმეტსაც, ოღონდ ამჯერად ღიმილნარევ დაკითხვას უწყობდნენ: - ჭამე, კაზუო, ოღონდ თქვი, სად დაგვიმალე თოჯინები?! სად გაყიდე, კაზუო, თოჯინები?! სად გადაყარე თოჯინები?! ასეთი დაკითხვების დროს შეშდებოდა და ცას მიაშტერებოდა გაბრწყინებული თვალებით... ასე ბერდებოდა კაზუო, თმა და მუდამ გაღეღილი პერანგიდან ამოჩრილი ბალანი მთლიანად გაუჭაღარავდა, მაგრამ ძველებურად ძლიერი იყო ... დრო კი გავიდა, მაგრამ სხვა არაფერი შეცვლილა: სხვათათვის კვლავ იყო ,,მახინჯი კაზუო", ,,ტურტლიანი კაზუო", ,,ფეხშიშველა კაზუო", ,,ლაყე კაზუო", ,,ნაბიჭვარი კაზუო"... ისეთი, როგორსაც თავად ხედავდნენ... კაზუო კი უხმოდ ლოცულობდა, ცრემლით: ,,ღმერთო, შენი შავი მთები... შავ მთებზე თეთრი უსპეტაკესი თოვლი... წუხელ ფეხშიშველმა დავიარე, წუხელ თავშიშველმა დავიარე... ცივი იყო მთები, შორი იყო მთები და სიკვდილი, სანამ მე ვიყავი ცოცხალი... შენი სიკვდილის ანგელოზის შავი ცხენი, შუბლზე უსპეტაკესი თოვლით, შემომხვდა და დამაკვირდა დიდხანს მდუმარედ... მე წაველ, წაველ, ღმერთო, ფეხშიშველი, თავშიშველი, სულ შიშველი, ისეთი, როგორიც შენ მომზილე თიხისა და იმისაგან, რასაც სულ დავეძებდი და ვერ მივაგენი... შენი სული, ღმერთო! ვერც თოჯინებს მივეცი სული! ჩემი წილი თოვლი მოვფხოჭნე და გასისხლიანებული თითებით წაველ ფეხშიშველი, თავშიშველი... თავდახრილმა წავიყოლე დარდი სულზე... წავიყოლე შენი ხელები, წავიყოლე შენი მკლავები... და როგორც შენ შექმენი თიხის ადამიანი, მე შევქმენი თიხის თოჯინა... და ჩავუთქვი, სული გამოჰყოლოდა ჩემ თოჯინას და თუკი ამისრულდა, ჩავუთქვი და მერე თუ არ, მოვკვდი, მაინც შენთან მოვალ, თუ არ მოვკვდი, სანამ... თუ არ მოვკვდი... თუ არ მნახე, შენი მეთოჯინე გულში მიწით..." ......... ომმა ყველას მიავიწყა კაზუოს თოჯინები და კაზუოც, რომელმაც ზეცა აჩუქა მიტოვებულ თოჯინებს და დედა აჩუქა ზეცას, არც არავის უნახავს ღამე, ცის კიბეზე მიმავალი კაზუო, რომელიც უცრემლოდ ტოვებდა სოფელს და სევდიანი ღიმილით დაჰყურებდა უსამართლო, დაპატარავებულ დედამიწას. ლოცვასავით ჩუმად ამბობდა: "ცხოვრება ჩემთვის უკუღმა დაწყებული თამაშია... საბოლოო შედეგი უკვე დასაწყისშივე რომ მასწავლეს ადამიანებმა - წაგება! ადამიანები ცუდად თამაშობენ, რადგან თამაში კი არ მოსწონთ, მოგება სწყურიათ... უსინდისოდ ცრუობენ, ბოროტად იყენებენ ძალასა და ფულს. მე ამ სულელურ რბოლაში ხელმოცარულნი მიყვარდა: დამარცხებულნი, ისევ რომ წამოდგომას ცდილობდნენ... უპოვარი და კეთილი ადამიანები, მარტოსულები..." ....................... - რა მსუბუქი ყოფილა მეთოჯინე კაზუო! - ჰო, თოჯინებზე უფრო მსუბუქი! - მიუგო მეორე ანგელოზმა. და ისმა ხმა: ,,ასწიეთ მეთოჯინე მაღლა, სულ მაღლა და დასვით იგი შემოქმედის მარჯვენა მხარეს... რადგან კაცთაგან ნასწავლი მორჩილებითა და ყალბი თანაგრძნობით დაბრმავებულმა, ერთხელ მაინც იგრძნოს, რომ ადამიანთა სიყვარული, თავისუფლება და შემოქმედებაა სწორედ ის სული, რასაც მთელი ცხოვრება ეძებდა ამ სამზეოში." (ვუძღვნი ყველაზე მაგარ ბავშვებს, აუტისტური სპექტრით❤️)
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი