ადამიანი-93
... 93 წლის 29 სექტემბერს დავტოვე სახლი და სევდა, რომელიც დღემდე თან მახლავს, როგორც ყველა წესიერ ადამიანს, რომელიც ფიქრობს დაბრუნებაზე. ოთხმოცდაცამეტის ნოემბერში, დევნილობიდან ორი ჯოჯოხეთური თვის შემდეგ, ჩემს მეჩვიდმეტე დაბადების დღეზე შინ ერთი დღით დავბრუნდი, მეზობლებთან და მამასთან ერთად, რომ სახლში დარჩენილი სიმინდი, ლობიო და ხორცი წამოგვეღო ზუგდიდში და გაგვეხანგრძლივებინა არსებობა რამოდენიმე დღით ან მანამ, სანამ ჰუმანიტარული დახმარება თავის სიტყვას იტყოდა. მთელი გზა მეზობელი და მამაჩემი წინ მიგვიძღოდნენ, ჩვენ ხუთნი მივყვებოდით უკან, დარწმუნებულები იმაში, რომ პირველები არასოდეს ავფეთქდებოდით დანაღმულ ველზე... მეტი გმირობა არც მანამდე, არც მის მერე - მე არ გამიგია ... არავინ აფეთქებულა, ასე დავბრუნდით მშვიდობით, ტვირთით და წითელი ვერტიკალური ხაზებით მხრებზე, რომელიც მეორე დღეს, გემრიელ სადილთან უკვე აღარავის ახსოვდა. ჩემი მეზობელი ერთი წლის წინ გარდაიცვალა, მამაჩემი კი უხუცესი კაცია ქუჩაზე, რომელიც სამშობლოს მირჩევნია. ეს ლექსი მათზეა. * * * * ... იმ დღიდან დღემდე ვმღერი სიმღერებს, ლამაზ სიმღერებს, წამის ათასწლეულში გაჩერებულ გულთა ფეთქვაზე, ყინულზე უფრო ბასრ მზერაზე, ცივ ფეხისგულზე და თბილ ლოყაზე, ვმღერი სიმღერებს, არ არსებულ რკინის ხურდაზე, ღამის სადილზე, დილის ვახშამზე, მარილიანი ცრემლის გემოზე, ლეიბსქვეშეთზე, ჭირისუფალზე, დამწვარ გვამებზე, ჭაღარა თმებზე, ვმღერი სიმღერებს, მტრის ენაზე, ყველა ენაზე, ტკივილებზე და ნაიარევზე, შეხორცებულ ნაიარევზე, შეხორცება ხომ შეგუებაა და მხდალთა როკვა, დავიწყებული გმირობის ფასად არყის ბოთლებთან, ღვინის ბოთლებთან... გაზინთულ ჩექმაზე ვმღერი, გაცვეთილი წინდების ნავსაყუდელზე, უცხო ბუხართან ჟანგიანი დანით გახსნილ კონსერვზე, უკაცო სახლში ანთებულ ცეცხლზე, სადაც ყველაზე ტკბილად დავისვენე მე ოცი წუთი, და ყველას სახლად ქცეულ სახლში, არავის სახლში წავიღიღინე: მგზავრი ვარ მარად, არაფერი მსურს მზის ამოსვლაზე ან ჩასვლაზე ოდნავაც მეტი, სხვა კაცად მინდა ვიქცე, მოკალი ღმერთო, ადამიანი 93! Z.J. 2019 წ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი