სპექტაკლი "ავტობიოგრაფია"


პროლოგი
არის ეს ცხოვრებაც, მსგავსი - სპექტაკლის!
არჩევანით და არადანით როლი ვარჩიოთ,
მე სცენარს დავწერ, ვერც უკეთესს და ვერც მეტნაკლებს,
„ბ“ ასოს შემდეგ წერტილს დავსვამ, მერე არჩილი…
ჰო! მე არჩილი შემირჩია ჩემმა ბებიამ,
საინტერესო ქალი იყო, თბილი თვალებით,
სახეზე მთელი დედამიწის დარდი ეფინა,
ცრემლები ჰქონდა ბაგეებით შესამშრალები

თავი I
(გამოღწევა დედის მუცლიდან)
იმ დღეს მეზობლებს მოეყარათ თავი სახლის წინ,
დროის საკლავად ვიღაცებზე ჭორებს უცვლიდნენ
ერთი-მეორეს ჩურჩულით და კიდევ რა ვიცი...
გათენებასაც ცოტა ეკლო, როცა მამალმა
ისევ ჩვეულ დროს გაიღვიძა, ისევ იყივლა,
შემდეგ ქუჩებში გამოვიდა მთელი ამალა,
ჩემი პირველი ატირება ახსოვთ იქიდან.

თავი I I
დღე პირველი. ბაღი. ვიხსენებ -
ხელი მეჭირა დედაჩემის - ხელში საკუთარ,
შემდეგ წავიდა და თვალებით ჩამოვისვენე
შემოსასვლელთან, შემდეგ როგორც მაკულატურა
ისე მეჩვენა წყეული დრო, მოვხვდი ბაღნარში,
საქანელებზე ერთობოდნენ ცელქი ბავშვები,
დედა კისერთან სამი თითით მთხოვს, რომ აქ დავრჩე,
(მე კი ისედაც ვაპირებდი) - კარგი, დავრჩები…

თავი III
(შვიდი წლის ვარ - უკვე - სკოლაში...)
სხვა შემართებით მივდიოდი, თუმცა ვინანე,
(დროა დავუდო აზრებსა და ფიქრებს კოლაჟი),
ირგვლივ ბავშვები ჩურჩულებენ - ნეტავ ვინ არის.
„სამაგალითოდ“ გამომაგდეს გაკვეთილიდან,
შემდეგ მშობელი დაიბარეს, (რამ გამახსენა?)
ნერვიულობით არ მეძინა იმ დღეს დილამდე,
არ მეძინა და შიგადაშიგ ახლაც ასე ვარ.

თავი IV
(მივებარე უნივერსიტეტს)
ფიზიკისა და რაღაც სამი განხრით წავედი,
ჰოდა ნუ განმსჯით ჩემი ტვინი თუკი ვერ იტევს
ამდენ ბუნების სამეტყველო საგანს, თავხედი.
სტუდენტობისას შევიგუე მავნე ჩვევები,
თამბაქოსა და ალკოჰოლის გავხდი მსახური,
მაგრამ ცხოვრების ღრმა ფერხულში მაინც ჩავები,
სადღაც ვმუშაობ - სიმბოლურად... ქუდი მახურავს...

ეპილოგი
დღეს ლექსებსაც ვწერ, მონდომებული,
ვითვლი ტკივილებს, ცრუ იმედებს, გული მიჭირავს
ხელისგულებით, ვინაიდან ისე ვერ ვუვლი,
რადგან ჯერ კიდევ ახალგაზრდა, ფიცხი ბიჭი ვარ.
ვიცი ცხოვრება ოთხ ნაწილად დავყე, დავტეხე,
ოთხჯერ ავწონე ასის ნაცვლად, თითო სტრიქონი,
ჩემი ვალია, გავუმკლავდე ყველა ქარტეხილს,
თუკი წესია რომ ყოველი ქარსვე მიჰქონდეს,
რაც მოიტანა, რაც მოგვიგდო, რაც კი დატოვა...
და მე უბრალოდ რაღა მრჩება, გარდა იმედის,
ჩემი სასჯელი ეს ყოფილა, ახლაც მარტო ვარ,
თუმცა სულ ყველა არჩევნამდე ჩემით მივედი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი