წერილი


ბოდიში. გიყვები ყველაფერს. ბარათი L'AMURE,
სულია მძიმე და სულია ისეთი, რა ვიცი,
წვიმების შედეგად დააწყდათ ნერვები ღამურებს,
იმდენად რომ ქარმა დაკარგა კივილის ხალისი.

ვიღაცა დაძვრება ჩემს სახლში, ვიღაცა სარდაფით,
და მტვერი ისე თოვს, მგონია წლებს ვსუნთქავ მძინარე,
ვჩერდები სიზმრებში, ამ ბოლოს მივყავარ სადაც ფიქრს
და ასე ვიხენებ ამბებს და წარსულს და წინაპრებს.

ხვალ ალბათ იწვიმებს, იწვიმებს და ვიცი გავშრები,
სველი თუ ვიქნები, გავთბები თანავე ჰაერთან,
ჩვენ ერთად ვიყავით, გვყავდა და არ გვყავდა ბავშვები,
თუმცა კი გვინდოდა, ორივეს ცალკ-ცალკე და ერთად.

წელია ორი და საცაა დავიწყებთ მესამეს,
და ასე ყოველ წელს განცდები იმედით მევსება,
კალმიდან ყოველი სტრიქონის პროლოგშიც თესავენ
სამ წერტილს გრძნობები, რომელსაც მოვიმკი ლექსებად...

სულ ბოლო დაწერილ ლექსიდან დასაწერ ლექსამდე.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი