სამყარო (ჩვენი თვალებით)


მე უნდა დაგწერო,
როგორც უცხო სონეტის ჩრდილი,
ჩვენი ცხოვრების სონეტის.

გუშინ დაღმართი ჩამოვიდა ჩვენთან ეზოში,
ანუ მე უფრო გამიჭირდა წასვლა სახლიდან,
ღმერთია მოწმე.
შენ მაცილებდი, დღემდე მახსოვს შენი თვალები,
რადგან ახლაც შენი თვალებით ვხედავ...
რა ნაცნობი ზურგია ჩემს წინ.
დრომ ჟამი მოჭამა, გაზაფხულია ორიათას მერამდენრაღაც,
ჩემი ბავშვობა მახსოვს ითვლის ათას ცხრაასით,
ამინდიც დაბერდა, ეპარება მზერაში თეთრი
და საუბრისას ცრემლი მოდის, ფერფლივით თეთრი.
შენ ამას ხედავ, ჩვენი თვალებით.

ოთახში თავდახრილი ბოლთას ვცემ,
არაფერია ჰაერში და თვითონ ჰაერიც არაფერია უკვე.
თებერვალმა ცუდის მომასწავლებელი მარტი დამიტოვა,
მარტში გული ნელა მიცემს, ხოლმე, უშენოდ მითუმეტეს.
ჩასუნთქვა მიჭირს, წნევისთვის ძალიან ახალგაზრდა ვარ -
ღმერთმანი.
მახსოვს, შენს გაყინულ თითებს ვეფერებოდი,
ტუჩებს ვახებდი,
ჩემი სუნთქვა გითბობდა ხელს,
როგორც ხელთათმანი.

მე ერთი ბრალიან ბიჭი ვარ, უბრალო არა,
შენ ის ხარ, ვინაც მიბრკოლებდა თავისუფლებას,
თავისუფლება აკრძალული ხილია, ვიცი!
მე მწამდა შენი, ესე იგი, ახლაც იგივე,
მდგომარეობას ვემხრობი და ვღალატობ სიტყვით,
სიტყვა ეს დიდი ძალის მქონე პარადოქსია,
ქართული სიტყვა მითუმეტეს.
მე მწამდა შენი.
ჩემში ომია, მესამეა რიგით და ბოლო,
ორი მე ვიცი გადმოცემით, მხიბლავს არცერთი,
და გეფიცები, უთავბოლო ამბავს ვამთავრებ,
ჩემი სულია ჩემი ხორცის ცივი კარცერი.

წყარო: litklubi.ge

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი