შენ მომიყევი


შენ მომიყევი - უცნაური დღე გქონდა გუშინ,
რომ ყველაფერი დატრიალდა უკუღმა ციკლით,
რომ ყველაფერი აიღე და დატოვე ქუჩის
კუთხეში, ახლა საკუთარ თავს ცრემლებით იკლავ.

შენ მომიყევი - მოგიშალა ნერვები ყველამ,
და არაფერი გიშველიდა ლექსების გარდა,
ბათუმს იმ ღამით სიცხისაგან გაუშრა ყელი,
ხოლო სიტყვებმა ენის წვერთან დაკარგეს ვადა.

შენ მომიყევი - გეშინია არაფრის უკვე,
რომ სულ ერთია, სად იქნები, ვისთან და რატომ,
რომ გარეთ უკვე ჰაერია ზედმეტად მსუყე,
შენ კი ოთახში ხეტიალობ და ისევ მარტო.

შენ მომიყევი - თბილისია ახლა საგიჟე,
ხან უფრო ბაღს გავს დედამიწა, ზედმეტად მწვანეს,
გინდა მოვიდეს ჩემი გული, ხელში ჩაგიჯდეს,
შენ კი თითები მოუჭირო და უფრო მწვავედ
მიუალერსო.

წყარო: litklubi.ge

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი