ჩვენი ოცნების გემი


გემი დავლანდე გუშინ (საზმარში ვნახე ოღონდ),
აფრა წამოსდო ღრუბელს და გაიყოლა თანვე,
ისე მსუბუქი იყო, როგორც ნაკბენი - კოღოს,
ჩემი სიზმარის ბოლო, ჩემი სიზმარის თავი.

იყო შუადღის პიკი, კომპასით კიდე ჩრდილო -
დასავლეთისკენ ცხვირი (გეზი) აეღო იმ გემს,
წინა სტროფში რომ ვნახე და მგონი ახლა ვცდილობ,
იქ დაგინახო სადაც, საჭიროა რომ იდგე.

შავ-თეთრი იყო მახსოვს, ცისარტყელების ფერი,
საკუთარ თავს ვგრძნობ ზურგზე, ანუ ვუყურებ ზეცას.
და ვაკვირდები კუდში, როგორ მომყვება ფარა,
ლურჯი ღრუბლების - თითქოს მთელი სამყარო მეცვას.

შენ კი იდექი მარტო, მზერით დასდევდი თევზებს,
მე კი ვიყავი თევზი, ანკესზე დევნა რომ სურს,
შენ დამიჭირე, ჰოდა ორნი ვიყავით გემზე
და ვუყურებდით აფრას, რომელიც ჰგავდა ორსულს.

გემი ვიხილე გუშინ, ჩვენი ოცნების გემი...

წყარო: litklubi.ge

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი