ცხოვრება - „მიატნი კამფეტი“


შეღამებულზე, სადაც ჩვენი სისხლი დედდება,
სადაც ყველაფერს ეცვლება ფერი
და ყველაფერი პირიქეთ დგება,
მე დავუყვები მარცვალ-მარცვალ ყანებს და ბოსტნებს,
მე დავუყვები... ანკესიდან კალმახებს მოვწყვეტ.
ეს ის დრო არის, შემოდგომა იწყება როცა,
მივირთმევთ როცა სიყვარულის მდუღარე ბოცას,
მოგეპარები, გოდორივით გიკიდებ ზურგზე,
და მერე ორნი ვარსკვლავების სიშორეს ვუმზერთ...
ვსაუბრობთ კიდეც... ათასია სინათლის წელი,
ათასი არის ბროწეულის შიგნით და გარეთ,
ვედროსთან დგახარ მზის გულიდან სინათლეს წველი,
რომ მოიშორო თვალებიდან სინათლის არე.
მე ღვინოს ვწრუპავ, შენ კი გულის მიირთმევ ფეთქვას,
ნეტავი ერთად ვოცნებობდეთ, ვამბობდეთ რამეს,
ნეტავი ერთად ვკითხულობდეთ ლოცვებს და... ამინ,
ნეტავი ცაც კი ჩამოვიდეს ჩვენამდე სეტყვით.
უხილავი ხარ (ბანალურად) და გქვია თვალი,
ოდესმე ისევ მოხვიდოდე, ოდესმე, მალე,
მე უფრო ხარბი, შედარებით შენ უფრო ვერა,
მე უფრო გვარად ტაბიძე და შენ უფრო მერი.
ახლა თარიღებს შევაჯამებ ფორმულით კვადრატ-
ულევი არის რიცხვებიც და შენდამი ლტოლვაც,
შენთან მოსვლამდე ყველაფერი შენამდე მათრევს,
ვგავარ საკუთარ ქვეყანაში დარჩენილ ლტოლვილს.
ფრჩხილებში ვიტყვი, მაპატიეთ ცუდად ნუ მიგებთ,
დავყვები ჩემში ჯერ არ ავლილ დაწყევლილ კიბეს,
თუ სადმე მნახეთ გარდაცვლილი მესროლეთ ქვები,
დამმარხეთ ასე ცოცხალ-მკვდარი, უღმერთოდ ვკვდები.

წყარო: litklubi.ge

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი