სიღრმიდან-სიღრმემდე
კვირის თორმეტი საათიდან დაწყებული, როგორც მჩვევია, სიბნელეში ვიწყებ მთქნარებას, ყავა და ერთი ღერი სიგარეტი - სიკვდილის მიზეზს მივირთმევ უფრო გახშირებით... ჰერცების საზღვარს რომ ვერ დაუდებ, ისეთია ზუსტად შემთხვევა. ტელევიზორში ფილმი გადის, თუმცა ტიტრებით, ეს ინგლისურიც, რა ჯანდაბად ვერ შევისწავლე, ეს იგივეა, რომ ბავშვივით წიგნი იკითხო, უფრო სწორად კი, ილუსტრაციებს უყურო მხოლოდ... დღეს დედამიწაც შეიცვალა ხასიათებით, თითქოს უღმერთო ქვეყანაში, გალობს ეშმაკი, თუ როგორც არის... ხვალ უქმე დღეა. აღნიშნავენ თეორიულ დღესასწაულს, ჯერ პრაქტიკაში ვერ გამონაცადს... ერთჯერად შპრიცებს ემსგავსება ეს საათებიც, ნარკომანივით რომ მოიხმარ მრავალჯერადად... კიბეს ავყევი. საფეხურებს ვითვლი თითებზე. ვცდილობ, რომ სუნთქვის რიტმი არ დავარღვიო, რომ წელში აღარ მოვიხარო, მუხლთა დაყრდნობით და გული აღარ შემიწუხდეს, ჰო! ამის გამო... კართან ცოტა ხანს დავაყოვნებ და ხალიჩაზე, ფეხებს გავიწმენდ, ამოვისუნთქებ უფრო სიღრმიდან, დიაფრაგმიდან დაწყებული, მუცლის გაბერვით დედამიწაზე ნახშირორჟანგის გასამდიდრებლად... ბოლოს და ბოლოს ზარს დავრეკავ, ხელის კანკალით, კარების იქით გულისცემა ისმის ხმამაღლა, შემდეგ სახელურს ვუკვირდები, როგორ შეირხა ქვემოთკენ, სუნთქვა უფრო გამიხშირდა, როგორც კოცნისას, შენ დგახარ თვალში ვარსკვლავების მთელი ესკორტით როგორც გჩვევია დაბალი ხმით მეტყვი... შემოდი!
წყარო: litklubi.ge
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი