Repete
ღამე მშვიდობის, ანუ ისევ მშვიდობის ღამე, დავთვალოთ ცაზე ვარსკვლავები, დავთვალოთ ახლა, “მამაო ჩვენო, შეგვიწყალენ”, პირჯვარი, ამინ, თუ ვერ მიპოვი, არაუშავს, უფალი ნახე. დავდოთ ან ზავი, ან კონტრაქტი, ან რაღაც მეტი, იმაზე, ვიდრე სიყვარული არის და უფრო ვიყოთ სამყარო, შეუცვლელად მბრუნავი ნეტავ, ვიყოთ გაშლილი, როგორც სივრცე, ან როგორც სუფრა. ცვალებადია ამინდივით ქმედება ჩვენი, ვღებულობთ გადა-წყვეტილებას ვღებულობთ დღესვე, ეს თვითმკვლელობაც დამიჯერე, რომ აღარ გშვენის, ეს ყველაფერიც ძნელია, რომ სხეულში შესვა. გქვია ყველაფრის დასაწყისი, ყველაფრის ნული, და რა აზრი აქვს ამინდები ვიღაცას მისცე, საკუთარ წარსულს ვინაიდან გარშემო უვლი, მდგომარეობა უცვლელია, ჰაერი, სივრცე. თუ დამიჯერებ, დაივიწყე დღეები ესე, აღარ აწონო არასოდეს შედეგი იგი, შენ ამ ღამეში და ამ სახლში ტკივილებს თესავ, ხარ უფრო მეტად, ან ნაკლებად, რვეული, წიგნი - რომელსაც ვერვინ წაიკითხავს, ვერავინ დახევს, რომელსაც თვითონ კითხულობდი, თვითონვე წერდი, იმაზე მეტი რაღა უნდა გაგაჩნდეს სახე, როცა გიყურებ შეშლილი ხარ, ან უფრო მეტი.
წყარო: litklubi.ge
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი