საერთო სივრცე


ბინძური ქუჩის შესახვევთან, ბინძური ქუჩის,
დგახარ ათეიზმს ეფერები, ათეიზმს უფრო,
დღეს ამ პროსპექტის დასრულებას, ბოლო არ უჩანს,
ჰაერში ჟანგბადს წაეკიდა ცეცხლი და კუპრი

თვალებს გწვავს... ისევ გააყალე სამყაროს თითი,
ასრულებ ბოლო ჩამუხლებას და პირჯვარს იწერ,
მაგ შენი სულის მცირე ლამპარს შევუცვლი ფითილს,
რომ დაჟინებით, ისევ ისე, გავიყოთ სივრცე.

როგორც ვიყოფდით... წამიერად ვიხსენებთ წარსულს,
თავისუფალი აჩქარებით ვბრუნდებით უკან,
თუ განვსხვავდებით, არაუშავს, ერთი გვაქვს მრწამსი
დავეხეტებით უგზო-უკვლოდ ღამეში - უკუნ.

ასე მივდივართ შენ შენი გზით, მე ჩემი გზით ვერ
მივდივარ, თუმცა არაუშავს ნაბიჯი წინაც
ხომ ნიშნავს უკან დაბრუნებას, ამასაც ვითმენ,
იმასაც ვითმენ, რომ ამ წუთას, ერთად არ გვძინავს.

ბინძური ქუჩის შესახვევთან, ბინძური ქუჩის...
დგახარ უფალზე ლოცულობ და პირჯვარსაც იწერ,
დღეს ამ პროსპექტის დასრულებას ბოლო არ უჩანს,
და ეს პროსპექტი არის ჩევნი საერთო სივრცე.

წყარო: litklubi.ge

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი