ესეც
ესეც მაგიდა, ესეც სივრცე, ესეც ოთახი, ესეც რაღაც უმეტესი იმაზე მეტად, ვიდრე იყო და არა იყო, ვიდრე მოთაფლეს გაჭირვებიდან დაწყებული სინდისის ფეტვი. ესეც ჭრილობა, გულის სიღრმით ასოცდაათი პულსი, თუმცა(ღა) წნევის მსგავსი არა მაქვს რამე, ანდაც რაიმე, ან ასე ვთქვათ, ვეღარ დაატევ, მშიერი კაცის, ან კაცების მზერას... და გჭამენ ჩემი თვალები, თვალებიდან იწყება რახან, ყველა ტყუილი, ყველა ცოდვა და ყველა ბლეფი, და მერამდენედ მზის სხივებით ამტკივდა სახე და მერამდენედ ეს ნერვები ტკვილებს ყეფენ. ესეც რადიო, ესეც ტალღა, ესეც 106, მომწყინდა ყველა გაღიმება, მომწყინდა რადგან არ დგას არც მარხვა (პარასკევი) და არც პასექი, ათვლის სისტემა შეიცვალა, ნოლია მათგან ყოველი, ვისაც არ უნახავს რა არის კაცი, უფრო მარტივად რომ გაიგოს, ანუ რას ნიშნავს, ვგავარ ყოველ დღე, უნიჭობით გახვრეტილ საცერს, ინვალიდივით შუქნიშანთან მიჩნდება შიში, რაღაცის, თუმცა ივნისია, ცა არის თეთრი, მკერდგაღეღილი იმზირება ღრუბლების დასი, დღეს ჩემს სახლიდან დარჩენილა ორიოდ მეტრი, შენამდე მოსვლის, რადგან ამ ლექსს ვამთავრებ ასე - ესეც მაგიდა, ესეც სივრცე, ესეც ოთახი...
წყარო: litklubi.ge
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი