ე.წ. დღიური
და ეს ღამეა ჩვენს შორის, რომ იყოფს სარეცელს, ფანჯრის მინები სტუმრად მოდის ქარის წყალობით, ქალაქს და სოფელს პროვინცია ქვია დღეიდან, ვუყურებ უკვე გადაჩვეულ ეზო-ხეივანს, ვუყურებ ლერწმებს ერთმანეთს, რომ გადაეხვივნენ, ყველაფერს ქვია დასასრული, გარდა რექვიემს. ამინდმა წელზე შემოიდგა ისევ ფეხები, ხიდზე გავიდნენ ღრუბლები და ისევ გაწვიმდა, ჩვენს შორის ბაწრის ხიდია და ცრემლი ღაწვიდან ჩამოვარდნილი ემსგავსება ჩვეულ მეჯლისებს. საწოლს გაუჩნდა ოდნავ მწვანე ხავსი კედლისკენ, რადგან არ წევხარ ჩემს გვერდით და შენი ბალიში უფრო სველია (უწინდელი ცრემლით კი არა). ჩვენი თითები ერთმანეთის იყო ზიარი, ანუ იყო და აღარ არის, ის დრო წავიდა... იყო თვალების უსასრულო დახამხამება, და ყავისფერი ვერ დაიწყო ისევ შავიდან და ლოგიკურად აღარ მყოფნის ხანდახანები... გადამეყვლიფა თითო-თითოდ ყველა კიდური, ყველა კიდური თითო-თითოდ გადამეყვლიფა, ანუ ყოველთვის ვიმეორებ დღეებს შეჩვეულს: დილა, ვიწყები ბანალურად, ვიცვამ, მივდივარ, იმ სამსახურში, რომელიც მე არ გამეგება... იმისთვის მძინავს, რომ სიზმარში მოვკვდე ეგება, რომ გაზაფხულის უმნიშვნელო ვყლაპო ჟანგბადი, (საკვირველია დაწყევლილი წლებიც არ გადის). შენი თვალების ვარსკვლავებით ვაწყობ ქვედა ცას, და ვშლი თითებით მთვარის ირგვლივ ღრუბლის გუშაგებს, თუმცა სურვილი დიდია და ვერრას ვუშავებ, მაგ შენს თითებით შეუხებელ სხეულს - ორგანულს. ჩემი ოთახი, ოთახობის ჰკარგავს ფუნქციას, ყველა ტკივილმა ყველა ტკივილს გვერდი უქცია, დავრჩი უშენოდ, შეწყვეტილი სიმღერასავით, კუთხეში ვზივარ და ვიხსენებ იმდენ გასაკვირ ამბავს, რომ მჯერა უსათუოდ გაგეცინება ახლოს, რომ იყო (ესეიგი არ ხარ ჩემს გვერდით) და ვერ ვსარგებლობ ძველებურად კოცნის შემთხვევით და ვერ გაღვიძებ ძველებურად თმებზე ფერებით, და ვეღარ გიქმნი თმისავბნევად მინდვრის ღიღილოს. უკვე მიზიდავს განდეგილი სივრცის ბერები, რომლებსაც ერთი მიზანი აქვთ - ღმერთი იხილონ.
წყარო: litklubi.ge
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი