ასე ყოფნა არ იქნება


"ბიჭო, ბიჭო ალექსაო,
ნუ უყურებ ქალებსაო,
დიგინახვენ პატრონები,
დიგიყლეპენ თვალებსაო"

ხალხური

ლალის, ლალის ლალებიო,
დავალ დანამთვრალებიო,
რომელ ქალზე შევაჩერო,
დასავსები თვალებიო.

ერთმანეთზე ლამაზები,
ერთმანეთზე კარგებიო,
მათში კიდევ მისთანები,
ჭკვიდან დეიკარგებიო.

ასე ყოფნა არ იქნება,
რადგან ჯერ ის ერთიაო,
დაბლა თავი დამავიწყეს,
მაღლა კიდევ ღმერთიაო.

მეორეც რომ მეშინია,
პატრონი ჰყავს ყველასაო,
მე რომ რაცხა დემემართოს,
ვინ გამიწევს შველასაო.

ღმერთი ისე არ გამწირავს,
ერთიც ვერ შევიპიროო,
მარა ასე დუნიაზე
რაფერ გინდა იყვიროო.

ერთი ქალი შემიყვარდა,
რომ იტყვიან: ალვისტანა,
ნეტა ერთი დაგანახვათ,
ტყუილია მაგისთანა.

გაგახელებს, გაგაშტერებს,
ზედ დაგრჩება თვალებიო,
შეხედავ და დაუმღერებ:
- ლალის, ლალის, ლალებიო...

მერე იმის მეპატრონეს,
თუ ვერ დავემალებიო,
რა ვქნა ძიავ,
აგერ ვარ და
დიმიგლისეთ თვალებიო!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი