ადრე მოვიდა შემოდგომა ..


ადრე მოვიდა შემოდგომა. გარეთ ქარია,
რომელიც ქალაქს მოეხვია თავსაბურავად.
ამან ძალიან შემაწუხა, როცა ცარიელ
ეზოში ძაღლმა დაიყეფა თავისებურად
და არაფერიც არ მოხდება, თუ ახლა მოგწერ,
რომ არსებითად კარგადა ვარ და თუმცა მინდა
ცოტაოდენი აღელვება, მე მაინც მომწონს
ეს არსებითად კარგად ყოფნა, სისუსტე, ბინდი
თვალებზე, როგორც დაკეტილი ოთახის კარი,
როცა სიჩუმე ისადგურებს და ფიქრი მოდის
საკუთარ თავზე, მოვლენებზე, შენზე. აშკარად
დაუჯერებელ ამბავს მოგწერ: სარკე, კომოდი,
მაგიდა, სკამი მაგიდასთან, ფანჯარა, ფარდა,
ტელევიზორი, მაცივარი (ჩამოთვლას შევწყვეტ) _
ეს ყველაფერი სიმართლეა, ფაქტია, ანდა
ჩვენ არაფერი აღარ გვჯერა და ვეღარც შევძლებთ
საგნების გულში ჩაღრმავებას, გაშიფვრას, განცდას
იმისას, რასაც იფიქრებდნენ ისინი ჩვენზე...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი