მარტივი ცხოვრება


გინდა, მიდიოდე ტრამალზე ტრამვაით.
გინდა, ტრამვაიდან ხედავდე მარტორქას.
მარტივი ცხოვრება თუ გიჩენს ამნაირ
სურვილებს, მით უფრო, თუ სადმე მარტო ხარ
და ახლაც... მარტო ხარ და გარეთ მარტია.
მარტივით შენც გინდა, რაღაცა შეცვალო
სახლში. მაგიდაზე თევზი დევს _ თართი და
წუხხარ, რომ არ არის იგი ჯერ შემწვარი.
გარეთ კი მარტია და ზამთარს ტრავმა აქვს.
შენ ზიხარ საწოლზე და ისე ძალიან
გინდა, მიდიოდე ტრამალზე ტრამვაით,
სხვა სურვილებისთვის აღარც კი გცალია.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი