ატმის ყვავილები


ჩამავალი მზის უცებ ჩაქრა ალი უშრეტი,-
მზე გააქციეს ვარსკვლავების თეთრმა ეშვებმა.
დავხრი წამწამებს: - თითქოს ფარდა ჩამოეშვება -
და სადღაც ტვინში აენთება ერთი უჯრედი.

და უმიზეზოდ, უცნაურად მომაგონდება:
წაქცეულ ხეზე დინჯად ადის შავი მამალი,
ღობის წნელებში გახლართულა მზე ჩამავალი.
ღობესთან სხივი და ქალის თმა ერთად გროვდება.

ცისფრად ელავენ ოქროსთმიან ქალის თვალები,
გაწვდილი ხელი ატმის ყვავილს ვეღარა სწვდება.
ვიცი - ისარი იისფერი გულს არ ასცდება,
მაგრამ მივრბივარ,რომ ვუშველო ქალს მოკრძალებით.

იხრება დაბლა შტო ატმისა.ყვავილს სწყვეტს ხელი.
და,როგორც გნოლი მოიტაცოს ცის შევარდენმა, -
მოულოდნელად ქალის ხელი ტყვედ ჩავარდება
და გამწყრალ თითებს დააცხრება ტუჩები ცხელი.

ქალი სახლისკენ მიბრუნდება და მიმავალი,
მესვრის ღიმილით ატმის ყვავილს თვალანთებული.
გული ჩიტივით ფრთებს იწეწავს დატყვევებული.
წაქცეულ ხეზე დგას და ყივის შავი მამალი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი