ცხრა წყარო
ჩვენ რატომღაც ყველაფერი ცხრა გვიყვარს: ცხრა მზე, ცხრა ზღვა, ცხრა მუხა და ცხრა კარი. აგვაფრენს და ცხრა მთას იქით წაგვიყვანს ცხრათვალა მზის ცხრაფრთიანი ზღაპარი. იყვნენ: შოთა, ჩახრუხაძე, შავთელი, -- პოეზია ანათებდა წინათაც. ჩამოვთვალე მე ცხრა დიდი ნათელი, რაც ჩვენს ცაზე სხვადასხვა დროს ბრწყინავდა. მათ ჩვენს გულში ყველას თავის წილი აქვს, ჩვენც არ ვაკლებთ დიდებას და ვაშასა - გურამიშვილს, ორბელიანს, ილიას, ბარათაშვილს, აკაკის და ვაჟასა. ყველაფერი ქართულია, ჩვენია, ქართლის ბაღში რაც იზრდება, რაც ჰხარობს, რუსთაველის მადლი გადაჰფენია საქართველოს პოეზიის ცხრა წყაროს.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი