ვაჰ, დრონი, დრონი
ვაჰ, დრონი, დრონი, ნაგებნი მტკბარად, წარილტვნენ, განჰქრნენ სიზმრებრივ ჩქარად; მე იგივე ვარ მარად და მარად! არ ვსდევ ჟამთა ცვლას, მე იგივე ვარ მარად და მარად! მოვშორდი მოყვასს, ძალს ცხოვრებისას, არ გიკვირსთ მხედავთ კვლავცა სულმდგარად? მე იგივე ვარ მარად და მარად! გლახ ბედისაგან ესრეთ დასჯილი, იმედოვნებას ვუწოდებ ფარად, მე იგივე ვარ მარად და მარად. იგიცა მელტვის, მიბრალეთ ამით, უსასოდ ყოფნას სჯობს ყოფნა მკვდარად... მე იგივე ვარ მარად და მარად. მე ერთმან ერთგზის ერთს ვუძღვენ თავი, მასვე ვმონებდე მტკიცედ და მყარად - მე იგივე ვარ მარად და მარად. თუ მასცა ჩემებრ უცავს სიმტკიცე, ვიბრალებ რაყიფს, შვრების მომცდარად, მე იგივე ვარ მარად და მარად. ჰსაჯეთ: პყრობილმან უწყისა ტრფობა? საცა გინდ ვიყო, მასთან ვარ მარად, მე იგივე ვარ მარად და მარად! არ ვსდევ ჟამთა ცვლას, მე იგივე ვარ მარად და მარად!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი