ვაჰ, სოფელსა ამას


ვაჰ, სოფელსა ამას და მისთა მდგმურთა, 
ბოროტებისა და სიცრუვის ჭურთა, 
კეთილ მოყვარების დათრგუნვის მსურთა უსაფუძვლოთა 
მდაბალთ ჩაგვრით, მტაცებლობით და ხვეჭით! 

აქ აქებენ ძვირსა მზაკვარნი სულნი, 
სძრახავენ კეთილ-მოქმედთ შურით შემკულნი; 
ზოგადნი არიან გამდიდრებულნი, - განა რითა, ძმანო? 
მდაბალთ ჩაგვრით, მტაცებლობით და ხვეჭით. 

სამეფონი ურთიერთსა მქცევლობენ, 
შეუწყალოდ, მხეცებრ კაცთა მხევლობენ; 
მდიდრდებიან, რომელნიცა მძლევლობენ, და ყვავილოვნებენ 
მდაბალთ ჩაგვრით, მტაცებლობით და ხვეჭით. 

ძალი დავალს ღიმით ნაქცევთა ზედა, 
სად სიმართლე მისგან შენარაზედა 
მისთ ყვავილთა ფერხთით ლახავს გზაზედა, რომელნი სჭკნებიან 
მდაბალთ ჩაგვრით, მტაცებლობით და ხვეჭით. 

გარნა მძლეცა შემდგომ სხვისგან იძლევის, 
თვისგან ქმნილი თვისდავე მიექცევის, 
ყველაკაი წარუვალს, განელევის, რაცა ჰქონდა პოვნილ 
მდაბალთ ჩაგვრით, მტაცებლობით და ხვეჭით. 

ზოგადნიმე სარგებლის საპოვნელად 
დაარღვევენ სჯულსა დაუყოვნებლად; 
არ დაზოგვენ მსგავსთა თვისთა საკვლელად, შეჰკრებენ საუნჯეს 
მდაბალთ ჩაგვრით, მტაცებლობით და ხვეჭით. 

ხელმწიფენი, რომელთ სვესაც ვეშურვით, 
არნ მოცულნი უმრავლესითა ურვით, 
ფიქრ-მრავლობენ განდიდებისა სურვით, ატარებენ ჟამთა 
მდაბალთ ჩაგვრით, მტაცებლობით და ხვეჭით. 

მოხელენი, მათ გარეშე მდგომელნი, 
ძმათა თვისთა შურ-მტერობის მდომელნი, 
ჰკვლენ ერთმანეთს, ნაძარცვთ გამომრჩომელნი, და შეექცევიან 
მდაბალთ ჩაგვრით, მტაცებლობით და ხვეჭით. 

რომელნიც ამწარებთ ღარიბთ ცხოვრებას 
და ჰსთხოვთ ურცხვად, უსამართლოდ მონებას, 
მოელოდდეთ მათთან თანასწორებას. არ მარადის იშვათ 
მდაბალთ ჩაგვრით, მტაცებლობით და ხვეჭით!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი