სვანური მოტივებიდან
საღამოთი შველი გადამეღობა, ას წელიწადს მაძებნინა კვალი; მთვარედ მექცა, ვარსკვლავებში შეტოპა, მივდევ ელვის მოგიზგიზე ხმალით. სალოცავად ქართველობა მეყოფა, საფიცავად შენი თაფლის თვალი. უშენობით გული დამიმიწდება, დევის მკლავებს წაერთმევა ძალა: კვალდაკარგულს ფეხი გადამიცდება, გავტყდები და მომაშველებ დალალს; მთის კაცი ვარ, ხელი ცამდე მიწვდება, ქარის მუხლით მოგეწევი, ქალავ. დავიწვი და ენგურსა ვთხოვ, მეგობარს, მომასხუროს მკერდზე წმინდა წყალი. შენი შუქი ბნელში გადამეღობა, ღრუბელზედაც ვნახე შენი კვალი. საამაყოდ ქართველობა მეყოფა, საფიცავად შენი თაფლის თვალი. ქარს ღრუბლების ჯოგი მიჰყავს და დაბრუნდება, იქნებ როდის. შენ ღრუბელი ყოფილიყავ და მენაც ქარი ვიქნებოდი. შენ უშბაზე დაიძინებ და მე ხევს ჩავალ ქარიშხლებით. თუკი შევხვდით, ან ვიწვიმებთ და ანდა სეტყვად დავიშლებით. მზე მთის საფარს ეფარება, ეზოს მწუხრი ეპარება, და ჩრდილები ხეთა, ფერად ნისლში იძირება, აივნიდან იმზირება, მოწყენილი დედა.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი