ვერ წაიღეს, ვერა!


მტერს უტევდა კავკასიის მაღალ მთებთან,
განა მტარვალს მიწის გოჯი მისცა?
დაიჭრა და მიწას სისხლი დაეწვეთა...
ბუბუნებდა კავკასიის მიწა...
სამშობლოის ცას სცოდნია გაშლა ლურჯად...
ცხრათვალა მზე თავს დაადგა მხედარს...
კვდება გმირი? სამშობლო ხომ გადაურჩა?
გავზარდეო, იტყვის ქართვლის დედა!
ცეცხლმა დაწვა ცა მწვერვალზე დანაფერდი,
მზე რომ გადიწვერა...
მერე რა, თუ... სუნთქვას შეწყვეტს ფართე მკერდი?
ვერ წაიღეს, ვერა!
ეს კი არა, მას აცვიფრებს მხოლოდ ერთი, -
უტირია ლამაზ ფერაფერას?
პაწაწინავ, მე გავწირე თავი შენთვის,
ჩვენი მიწა ვერ წაიღეს, ვერა!
ფერაფერას თავი მასთან დაუხრია,
მის დაცხრილულ, მის სისხლიან მკერდთან...
ფერაფერა ჩასჩურჩულებს დაჭრილ მხედარს:
დაგდომია მზე შარავანდედად!
მტერს უტევდა კავკასიის მაღალ მთებთან,
განა მტარვალს მიწის გოჯი მისცა?
უსათუოდ სამადლობელს ღაღადებდა
საქართველოს მადლიანი მიწა...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი