ფიტარეთში


ამ ძველ ტაძარში ბეღურები
ისადგურებენ
და თითქმის მუდამ ესწრებიან
წმინდა სერობას...
და როს მხრჩოლავი საცეცხლური
მოაქვს ქერუბიმს,
თვალებს ხუჭავენ შიშისაგან
მათდა უნებურ.
როს ვერცხლის სავსე პარკით ხელში
ჯდება იუდა
წმინდა სუფრაზე - მონა ყოველთა
ამქვეყნიურთა,
ისინი წყვეტენ ძველ კედლებში
ხმაურს და ჟივჟივს
და... რაღაც დიდის მოლოდინში
კვდებიან შიშით.
ამ ძველ კედლებში ბეღურები
ისადგურებენ
და თითქმის მუდამ ესწრებიან
წმინდა სერობას.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი