მხოლოდ ერთხელ..
გიორგი ლეონიძის მონატრება მინდა, ზვრები გაზაფხულის ღრუბელს მოვაწვიმინო. ვაი, როგორ გაფრენილა ჩემი ჟღალი მიმინო?! მივდივარ და სად მივდივარ, სადაური საითა? ლელო ერთხელ გავიტანე, განა კიდევ გავიტან?! გუმბათს ერთხელ ჩამოვკიდე მოგუგუნე ზარები და დარუბანდს მხოლოდ ერთხელ ჩამოვხსენი კარები. მხოლოდ ერთხელ აღვაშენე სვეტიცხოვლის ტაძარი და ლაშქარი დიდგორისკენ მხოლოდ ერთხელ დავძარი. მხოლოდ ერთხელ დამესიზმრა სიყვარულის სიზმარი და განმეხვნა ერთხელ მხოლოდ კარნი სამოთხისანი. მინდა, ზვრები გაზაფხულის ღრუბელს მოვაწვიმინო, ვაი, როგორ გაფრენილა ჩემი ჟღალი მიმინო?! სადაური სად გაფრინდა, ვის ცერზე ზის ტიალი, ვის შეუდგა და ვის ასმევს შარბათს ოქროს ფიალით? ახლა გუმბათს მან დაჰკიდოს მოგუგუნე ზარები და დარუბანდს ახლა ერთხელ მან ჩამოხსნას კარები! ახლა სხვამან აღაშენოს სვეტიცხოვლის ტაძარი და ლაშქარი დასძრას დიდგორს, როგორც ერთხელ დავძარი! ახლა სხვასაც დაესიზმროს სიყვარულის სიზმარი და განეხვნეს ერთხელ სხვასაც კარნი სამოთხისანი! მინდა, ზვრები გაზაფხულის ღრუბელს მოვაწვიმინო, ვაი, როგორ გაფრენილა ჩემი ჟღალი მიმინო!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი