ახსნა


დიდი ხნის წინათ რაც უნდა მეთქვა,
ანდა ის,
ახლა რაც უნდა გითხრა,
ნუ გაგაოცებს.
ჩემი სათქმელი ისე ძველია,
როგორც ყვითელი, ბებერი მთვარე
და ახალია,
ვით თანამგზავრი,
ამ ხნიერ მიწას თავბრუდამხვევად
ირგვლივ რომ უვლის და აჭაბუკებს.
შენ გძინავს მშვიდი და ფრთხილი ძილით,
ხოლო მე უფრო ფრთხილი ნაბიჯით
გიახლოვდები
და ჩემი სუნთქვა,
ახლა რომ ქვეყნად არავის ესმის,
ვხედავ,
გაღვიძებს.
ასე ცისკარი,
რომელიც ჯერეთ ღამის მიღმაა,
აღვიძებს ხოლმე ტყეში ფრინველებს.
შენ იშმუშნები და იღიმები
ბავშვის ღიმილით,
ბავშვის,
რომელიც ახლა დაბრუნდა
ფერად-ფერადი სიზმრის ქვეყნიდან.
უკვე არაფრით არ მაგონდება,
თუ სად და როდის გნახე პირველად.
აღარცა ვცდილობ, რომ გავიხსენო,
რადგან ჩემს გულში დაგუბებული
შენი სიზმრების ფერთა გრიგალი
იმ პირველყოფილ ხილვის ტოლია;
რადგან სიშლეგე გარდავქმენ სიბრძნედ
და სიყვარული ვუწოდე მერმე.
მე დღემდე მიკვირს,
რატომ არა ვთქვი
აქამდე,
შენთვის რაც უნდა მეთქვა,
ეგების სიტყვას გაუჩნდა ბზარი,
ვით სოფლის ბოლოს ეკლესიის ზარს,
რომელსაც დიდხანს უაზროდ რეკდა
ყველა გამვლელი და გამომვლელი?
ეგების სიტყვა დაცარიელდა,
ვით ძველი სკივრი,
ანდა ზანდუკი,
სადაც დედოფლის მზითევი ეწყო?
ეგების სიტყვას წავართვით მადლი,
როგორც ხვატი და ქარნი ხორშაკნი
ბარაქას ურცხვად ართმევენ მიწას?
ეგების სიტყვა დავშრიტეთ ისე,
რომ დავამსგავსეთ დამწდარ კალაპოტს,
სადაც მდინარე
თავის გზით აღარ მიედინება?
იქნებ გავთიშეთ სიტყვა და საქმე
და უღრან ტყეში
ეს მეოცნებე დიდი ბავშვები
ერთმანეთს ხმობენ,
დაეძებენ და ვერ პოულობენ
და უგზო-უკვლოდ დატანტალებენ?

მაგრამ მე ვიცი,
ეს ორი ბალღი,
ის მეოცნებე დიდი ბავშვები,
თუ ერთარსებად გარდიქცევიან,
მას ჭეშმარიტი ცხოვრება ჰქვია,
ან უფრო სწორად:
სიცოცხლის აზრი,
ანუ მიზანი,
საითაც მარად უნდა ილტვოდეს
გაჩენის დღიდან ადამიანი...
ვიტყოდით:
„მივალ,
ო, უსათუოდ! დღეს მაინც მივალ!“
და არასოდეს არ მივდიოდით.
ვიტყოდით:
„აჰა, გული მაქვს სავსე!“
როცა დაცლილი და დაწრეტილი
გული ცხოვრების გზებზე გვათრევდა.
ვიტყოდით:
„მჯერა!“
და ურწმუნობის ჯიუტი მატლი
გულმოდგინებით ღრღნიდა და ნთქავდა
ქარით გაფანტულ რწმენის ნაფლეთებს.
ვიტყოდით:
„მომწონს!“
და მშიერ გულში კმაყოფილებით
ვიღიმებოდით, რომ არ მოგვწონდა.
ანდა ვიტყოდით:
„არა, არ მჯერა!“
მაგრამ ჩვენს სულში სულ მისხალ-მისხალ
წვეთავდა შურის მწვანე წვეთები...
ო, მწუხარებავ და ჭმუნვავ სხვისა
კეთილსა ზედა!

ვიტყოდით:
„დღესვე!
დღესვე!
ო, დღესვე!“
თუმცა ხვალინდელ დღეს ვგულისხმობდით.
რა დროს ვფლანგავდით დამშვიდებულნი,
როგორ გავთიშეთ სიტყვა და საქმე!
და უღრან ტყეში
ეს მეოცნებე დიდი ბავშვები
ხმობდნენ ერთმანეთს,
დაეძებდნენ და ვერ პოულობდნენ
და უგზო-უკვლოდ დატანტალებდნენ.

შენ გძინავს მშვიდი და ფრთხილი ძილით,
ხოლო მე უფრო ფრთხილი ნაბიჯით
გიახლოვდები,
და ჩემი სუნთქვა,
ახლა რომ ქვეყნად არავის ესმის,
ვხედავ,
გაღვიძებს.
ასე ცისკარი,
რომელიც ჯერეთ ღამის მიღმაა,
ტყეში აღვიძებს ფრინველებს ხოლმე.

გითხარი:
„მოვალ,
დღეს უსათუოდ მოვალ, ძვირფასო!“
აჰა, მოვედი და მოგიტანე
ბარტყივით თბილი და ჩვილი რწმენა.
ამ ბარტყს სხეული ბუმბულის ნაცვლად
შემოსილი აქვს ნაზი ბუსუსით
და ნებზე ცოცხალ გულივით ფეთქავს.
რა მშვენიერი ბარტყია, ხედავ?!
ჩვენც გამოვკვებოთ და დავაპუროთ,
მერმე სუსტ მხრებზე შევასხათ ფრთები
გავწვრთნათ,
გავწაფოთ
და სივრცეებში ფრენა ვასწავლოთ...

შენს ტანს მთრთოლვარე ხელით ვეხები
და შენი მკერდი, თეთრი და მკვრივი,
ვით გაზაფხულზე მთაწმინდის უბე,
მოულოდნელად აყვავილდება.

მადლობელი ვარ, რომ დამიჯერე
და დამიბრუნე ის, რაც დავკარგე!
ამ მზეს უშენოდ ვერ ვიპოვიდი,
ამ მზეს უშენოდ არ ჰქონდა აზრი,
რამეთუ ჩვენ ვართ ის ორი ბავშვი,
გუშინ რომ ტყეში დატანტალებდა
და განწირული ხმობდა ერთმანეთს.
აი, მოვედი და მოვიტანე
ბარტყივით თბილი და ჩვილი რწმენა.

დიდი ხნის წინათ რაც უნდა მეთქვა,
ანდა ის,
ახლა რაც უნდა გითხრა,
ნუ გაგაოცებს.
ჩემი სათქმელი ისე ძველია,
როგორც ყვითელი, ბებერი მთვარე
და ახალია,
ვით თანამგზავრი,
რომელიც ახლა გარშემო უვლის
ამ ხნიერ მიწას და აჭაბუკებს...
მ ი ყ ვ ა რ ხ ა რ!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი