სარკე და პოეტი
პოეტებს სარკეში ჩახედვას არ ვურჩევ, რადგან პოეტისთვის ზოგჯერ სარკეში შეიძლება მზე ამოვიდეს, მთვარე ჩავიდეს თავად კი _ არ გამოჩნდეს, ღრუბლით დაფარული... სარკეში შეიძლება წინწყარო ჩამოიაროთ და წინ ლამაზი ქალი კი არა _ ყივჩაღი შემოგხვდეთ. სარკეში შეიძლება ნერონმა თავისი ლექსები წაგაკითხოთ და თქვენს ხელნაწერებს ხანძარი გაუჩნდეს... სარკეში შეიძლება გადაყვარებული ქალი აყვავდეს და მისი ყვავილების სურნელი შემოგეფრქვათ. სარკეში შეიძლება... მოკლედ, ბევრი რამ შეიძლება სარკეში ნახოთ, პოეტად თუ ხართ დაბადებული, მაგრამ პოეტად თუ არა ხართ დაბადებული, სარკეში ყოველთვის გამოჩნდებით თქვენ, საკუთარი გარეგნობით კმაყოფილი, პირს გაიპარსავთ, თმას დაივარცხნით, ჰალსტუხს გაიკეთებთ და... ერთი სიტყვით, სარკეში თქვენი თავის გარდა, არავის და არაფერს დაინახავთ, რაც იმას ნიშნავს, რომ პოეტად არ გაჩენილხართ, და თუ ამის გაგება არ გსურთ, ან _ ლექსების წერას შეეშვით, ან _ სარკეში ნუ ჩაიხედავთ!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი