უტკივილობა


როცა არ გტკივა, იტკინო უნდა რაიმე,
რომ გაჭირვების მთავარი სიტყვა «ვაიმე»
არ დაივიწყო და უფალს უთხრა: «აიმე
ისევ შენი ვარ!» _ არ უნდა უმტრო სატკივარს,
კარგია, თუ დროს ტკივილის ბეჭდად ატყვიხარ
და სიკვდილსა და სიცოცხლეს ისევ ყაიმით
ამთავრებინებ თამაშს და ისევ მარტივად

სწყვეტ საქმეს, რაიც რთულია
თურმე სხვათათვის,
ვისი სიზმარიც ვერასდროს აღწევს ცხადამდის,
ხსოვნა _ დღე-ღამის საზღვარსაც
ვეღარ გადადის...
ამიტომ უნდა იტკინო კაცმა რაღაცა,
თუ ჯანმრთელი ხარ ქვასავით, თორემ ფაფასაც
ვერ ჭამ ადვილად, როდესაც ზოგ-ზოგს ათ-ათი
ჭრილობა უჩანს და შველას ელის აღარსად...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი