გულწითელა
მეშვიდე, მერვე თუ მეათე კვირა მიდის – მირჩევენ აგებას ტკივილთა პირამიდის... არ ვიცი, რა უნდათ მეგობრებს, ნათესავებს, ტკივილი მე რატომ მოვივლო ბადესავით! – ტკივილთა სავანე მე რატომ ავაშენო და ჩემკენ რად მოდის ლაშქარი სამაშველო?! – მოდიან, მიყრიან რიყის ქვას, აგურ-ცემენტს, თითქოსდა, სხვა დროის წიაღში მაფუძნებენ... და ხელებს სუყველა საშველად აფათურებს: ვინ ფიცრებს მომიტანს, ვინ კიდე – არმატურებს, ვინ – კირს და ვინ – ძელებს, ასევე დანარჩენებს, ყველაფერს, ლურსმნებს კი, რატომღცა არ აჩენენ... ჩემში კი – ფეთქავენ მოცხრები, ცირცელები და მაინც ჰგონიათ, იოლად ვიცელები... იციან, რომ დღემდე სასთუმლად ლირა მიდევს და გულით ვატარებ მელნისფერ პირამიდებს... სიკვდილშიც გავავლე ხაზები ნაზი სულის და მკერდი მომიჩანს დაისრულ-დასისხლული. მაინც შენ გახდიო სიამის მწირავი და მაინც შენ დადგიო ტკივილთა პირამიდა და ჩვენგან გელისო უფლება საკუთრების! და საშენ მასალებს მიყრიან გამუდმებით – ყველაფერ საჭიროს, თოვლივით, მითოვებენ, ლურსმნებს კი, რომელღაც დღისათვის იტოვებენ... და ასე მიდიან დღეები, კვირები და ჯერ კიდევ ვიღვრები გრძნობათა სტვირებიდან და ჯერაც ვცახცახებ მუსიკად უწინდელად, გულიდან სისხლი მდის – ჩიტი ვარ გულწითელა!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი