სიყვარულის ზღვაში
შენი მზესავით სიშიშვლის ბორცვოვან ფართობს ასდის სურნელი დასაკრეფ მარწყვის და ქვიშნის. ქალი და კაცი ასეთ დროს – არიან მარტო... ჩქარა, გაშალე!.. – გაშალე აფრები ფართოდ! – აფრების გაშლას, ამ ზღვაში, არავინ გიშლის. აღელვებული ზღვა, ნავებს, ისევე გვამსხვრევს და გვაბურთავებს ვნებათა ტალღების ზვავზე... და არი შტორმი... და როგორც საათი ქვიშის, ვართ ზევით-ქვევით, უხილავ სინათლით სავსე... არაფერია, ამ ცისქვეშ, იმაზე კარგი, როგრც ვნებათა დარჩენა პირისპირ შიშვლად და, როგორც ჟამი – საკუთარ არსების კარგვის, როცა ხელები გართულან ალერსის ქარგვით და ერთმანეთში ერთმანეთს ჟრუანტლად ვნიშნავთ, და სიყვარულის დროშები გაშლილან ისე, როგორც მუსიკის წიაღში – მოცარტი, ბიზე... და არ არსებობს არაფრის ზღვარი და მიჯნა, ვიდრე სიამის შუბ-ისრებს ვისევთ და ვისევთ. რაღაცა, ჩვენკენ, სინათლის გემივით, მოდის, დაგვეჯახება და ზღვაში ჩაგვძირავს – ნავებს, ზემოთ დარჩება მსხვრევის ხმა სხვადასხვა ნოტის და ამოყვინთვას, ვინ იცის, შევიძლებთ როდის! ისე ვართ, თითქოს მიწისძვრის ხელები გვძრავენ, მაგრამ უვნებლად ვაწყდებით სიმშვიდის ქარაფს... და გონზე მოსვლის სიმწარე, ნელ-ნელა, გვზარავს და ზღვისგან ძლეულთ, ნაპირზე გაგვრიყავს ზღვავე, იქ, სადაც ყრია სიცოცხლის ურიცხვი ტარა.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი