Mirabile vita*


ზოგჯერ, მარტოობაში, ჯალათია ჭერიც –
მხრებზე დამადგება და ბარიტონით მღერის.
ზოგჯერ კედელს თვალები ეხილება ფართოდ,
მიცქერს, უნდა გაიგოს, ასე რაზე ვდარდობ.
ზოგჯრ, ჩემი ფანჯარა შიშველია როცა,
ვხედავ, სტირის სიშორის როიალი – მოცარტს...
და მინდება, ცრემლები გამოვწურო ქვიდან...
და ვარ გაოცებული – Mirabile vita.

ზღვა მთვრალივით გორაობს, ტანზე იხევს სამოსს.
მიწას უნდა – ვარსკვლავი მოწყვიტოს და ჭამოს.
ქედი, პრომეთესავით, მიუჯაჭვავთ ცისთვის,
როდის გამოიხსნიან – საწყალს სული მისდის.
ქარი ლაოკოონ ტყეს – ასევს თავის გველებს...
მთვარის ბურთს ეუფლება ღრუბლის თეთრი პელე...
მე კი, ამათ ვუყურებ და ყველაფერს ვიტან
და ვარ გაოცებული – Mirabile vita.

როცა ელვის სატევრით ცა გადიხსნის ვენებს –
მაშინ ვხედავ: ცის თაღზე საფლავები ფრენენ,
როგორც თვითმფრინავები და გიჟივით ვხდები:
მფრინავებად როდისღა გადაიქცნენ მკვდრები!
მინდა აღარ იელვოს... შიში ტანში მზარავს,
ვყვირი: `არ ჩამოვარდეთ! არ შეასკდეთ ქარაფს!~
მყვირალს, მხარზე ვარსკვლავი მასკუპდება ჩიტად
და ვარ გაოცებული – Mirabile vita.

ზოგჯერ ვხედავ, ქვა ვარ და სამარისკენ მწევენ,
მერე იმ ქვის გამწევი აღმოვჩნდები მევე...
არ მსურს მაბზრიალებდეს ჟამი, როგორც ჩიკორს:
ან არ ვიყო ასეთი, ანდა ნამი ვიყო!
ვიყო, მედუზასავით, უთვალ-ყურო რაღაც –
აღარაფერს მოვისმენ, აღარაფერს ვნახავ,
თორემ ჭიამარია მიცქერს, როგორც ტიტანს
და ვარ გაოცებული – Mირაბილე ვიტა.

* საოცარია ცხოვრება (ლათ.).

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი