შაშვისადმი


უცებ ვარჩევ, ხმათაგან, შენს უბადლო დისკანტს,
თითქოს აწობ, ბადაგით სავსე კასრში, ნისკარტს
და კი არ სვამ, არამედ აქცევ უტკბეს ჰანგად,
შევატოვე ვარამი ქაღალდსა და ფანქარს,
მივატოვე გვრინი და დავადარე ფენიქსს...
გამოვედი შინიდან, სმენას მივეყრდენი
და გისმენ და შენ თითქოს უკრავ ღმერთის არღანს,
სუროიან, ერთ დიდრონ ტოტზე ჩამომჯდარხარ
და მუსიკის კალოდან გულს სცემ უმოწყალოდ
და გალობ და გალობ და ყველა ნერვით გალობ,
და, გალობის ჯადოქარს, როცა გიგდებ ყურს მე,
როგორღაც და რატომღაც მაძრობ დარდის ლურსმნებს.
გისმენ მთელი არსებით, სუროების ჰენდელს...
მე კი არა, მარსელიც უნდა შენ გისმენდეს...
შენ რომ ჩაახუჭუჭებ, ჩემი ძვალიც გისმენს
და ვღვრი, თვალდახუჭული, სულის აპლოდისმენტს.
ქვეყნად მიტომ მოხვედი, ჰფენდე ჰანგთა დროშებს,
ლამის ეს ჯოჯოხეთი გაასამოთხო შენ...
მელოდიის ლხენა ხარ, ჰარმონიის საშო,
ღვთიურ ხმების ვენახად გაჩენილო შაშვო.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი