წარწერა დოქზე
დოქი იდგა მაგიდაზე, ჭიქა იდო დოქთან და მუცელზე დოქს ეწერა: `ყველაფერი მოკვდა~. გამაკვირვა, მაგრამ მერე დამაფიქრა მე მან: იქნებ მოკვდა სიყვარული, სისადავე, კდემა! იყო ხალხი: გრიალებდნენ აბედით და კვესით... – თვითონ იყვნენ სახელმწიფოც, კანონიც და წესიც. იყო ხალხი: ერთი გაკვრით მთას აქცევდნენ ღველფად. ჩვენზე რაღას იტყვი, მტკვარო? შენ რას იტყვი, ელბა? იყო ხალხი: მდინარეებს აბრუნებდნენ უკან... გამოხედვის სხივს აქცევდნენ თვალისმომჭრელ შუქად. დღეს სხვა დროა, დღეს ლაზერის სხივი ლოდებს აპობს. დღეს არავინ მოუსმენდა ბონაპარტეს – ნაპოს... მის განვლილ გზას დღეს რაკეტა ერთ-ორ წუთში გალევს. დღეს არავინ არ მოუსმენს მაკედონელს – ალეს. არც კეისარს – იულიუსს, არც ხმელნიცკის – ბოგდანს. ნუთუ მართლა ყველაფერი დაეცა და მოკვდა! ძალიან მშურს იოგების, კიდევ უფრო – მოგვთა: სულ ერთია მათთვის, კაცი სულდგმულობს თუ მოკვდა. რა კარგია სუფრის გაშლა დედაჩემის ქოხთან, მაგრამ რისთვის ვილხინო, თუ – ყველაფერი მოკვდა! და შენს განსხვავებულობას! და შენს იერს, კოხტას, რა ფასი აქვს, თუკი ცისქვეშ ყველაფერი მოკვდა! დოქი იდგა მაგიდაზე, ჭიქა იდო დოქთან და მუცელზე დოქს ეწერა: `ყველაფერი მოკვდა~.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი