საფლავი თოვლქვეშ
თუკი მდუმარება ედრება ცაში ნადებს, ძველი სფლავები ვგებულობთ მაშინათვე, რომ ვართ დახვავებულ სინათლით დაბანილი და რომ გვაფარია, ბუმბულის საბანივით, თოვლი – უანგარო მფარველი სამარეთა, თოვლი – გაჩენილი სიშორის კამარებთან, თოვლი – მოგონება უდროოდ მკვდარ აფრების, ღერბი მიხატული ცხოვრების არაფრობას... თოვლი – ყვავილები ნუშის და ალუბლისა, მუნჯი მგალობელი, მოკლული გალობისას... თოვლი – უსიტყვებოდ შექმნილი პოეზია, თოვლი – ცისქვეშეთის უცოცხო მეეზოვე... თოვლი... გამარჯობა! მძინარეს მოგესალმე, გძინავს, ალერსისგან დაღალულ გოგოსავით... შენ ხარ იავნანაც, შენთვისვე ნამღერი და დიდი თოჯინაც ხარ, შექმნილი ნამქერისგან, სულის საამური თრთოლვებიც, შეხუთვებიც... თოვლო, ცივი ხარ და რა თბილად მეხუტები! დრო თუ აირია, არ ნაღვლობ ამ არევას, არც ის გენაღვლება, თუ ვისი სამარ ვარ... შიშველ მახასავით ჩემზე ხარ მწოლარე და გძინავს – ხეებისგან გაცვეთილ ოლარებთან... მაგრამ მზის ციაგი გვერდით რომ დაგიწვება, მეფის ასულივით მოგიწევს გაღვიძება... – მზისგან მოფერებით თანდათან გალღვები და მიწა, უკუქცეულ სითეთრის ტალღებიდან, ნელა გამოაჩენს ჯერ კეფას, მერე მკლავებს... და შენს ცხვარ-თიკანებს სადღაცა შერეკავენ... და მეც გამოვჩნდები, ხეებქვეშ, ნელა-ნელა, ამაოებისგან დაქცეულ მელანივით... – აღარ დამიფარავს ეგ შენი სიხალვათე, შენც, ჩემს მფარველობას შეწყვეტ და მიღალატებ, წახვალ – მოგონება უდროოდ მკვდარ აფრების, ღერბი მხატული ცხოვრების არაფრობის...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი