პასუხი კითხვაზე: “როდის წერთ?”
ვწერ, როცა წვიმა სულში გამიარს, როცა შორს, თითქოს, მელნის ჩქამია, როცა დღე შარვალს აიკარწახებს, როცა არც ხურავს ცას და არც აღებს ელვა და ღრუბლებს უჩენს ბარძაყებს… ვწერ, როცა ფეხქვეშ ვიგრძნობ ნამიან მარადისობის მოლს და ვცახცახებ… ვწერ, როცა ქარი, თითქოს, ცის კიდეს გამოანგრევს და, როგორც რისხვის ტყე, გაიფოთლება მსტვენ ამბოხებით და ებერება სივრცეს ლოყები, ვიდრე დადგება დრო დაოკების… ვწერ, როცა კვირტი ხეზე კისკისებს, ტაეპებს ვიხვევ და ვითოკები… როცა სურნელი თოვლის ქათქათის - სულმა თუ იცის, გზებად სად გადის და აღარ მყოფნის მე მის საყნოსად ნესტოები და, როგორც აკრობატს, ცად მსურს ახტომა, ანდა გაქრობა - მაშინ ავყავარ გრძნობას კვადრატში და ვწერ, ქცეული მიუსაფრობად… ვწერ, როცა სევდა ხდება მოსისხლე - სულს მივაქროლებ ანგელოსისკენ… გულს კი სტრიქონის დანა დაკეპავს… ვწერ, როცა გრძნობის პაპანაქებას ჩემში სურს ლაშქრის დაბანაკება… ვწერ, როცა მთები ღვთის სამოსისფერ ნისლს იხურავენ ფაფანაკებად.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი