ავტობუსი №39


გადახურა ცამ მიწა ღრუბლის კრამიტით,
წვიმის შიშით გამევსო მკერდის განჯინა…
ავტობუსი (ნომერი ოცდაცხრამეტი)
მოვიდა და გალუმპვას გადამარჩინა.

სხვა – ვინ ჯიხურს, ვინ – ქოლგას, ვინ – კაპიუშონს,
მე – ავტობუსს მივენდე, ბრალი მაგათი,
რომლებზედაც ცამ წვიმა ისე მიუშვა,
როგორც ცეცხლზე მეხანძრემ მძლავრი ნაკადი.

ჩემთვის “ორი” ადგილი სულ აქვს ავტობუსს…
ფანჯარასთან დავჯექ და ფიქრი დავიწყე.
შემომესმა შენი ხმა, შენი ნაკვთებიც
მომაგონდა და ცეცხლი ვიგრძენ ლავიწზე.

ყველა ქუჩა წვიმაში, როგორც სელაპი
იწვა, ხოლო ნათურებს სურდათ ანთება,
ვიღაცები გარბოდნენ – წვიმით სველები,
ვიღაცები – ხეებქვეშ ჩანდნენ ლანდებად.

იქნებ სადმე შენც იდექ სოველ კაბაში.
მეც სოველი ვიყავი – ცრემლით ოღონდაც.
ავტობუსში ვიჯექი, როგორც კაფეში
ვმჯდარვარ შენთან, ღვინო კი არვის მოჰქონდა.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი