წერილი მარგარეტს ფსიქიატრიულიდან


ჩემსავით ჩაგრულო, უცნობო მარგარეტ,
მომწერე ჩელსიდან, რომიდან, პრაღიდან…
მეც, როცა სიგიჟე მომივლის, ვხარხარებ
და მჯერა, რომ ჩემში სამყარო აყვირდა.

ცუდი რამ სრულებით არაა სიგიჟე -
ის, ზოგჯერ, მოუვლის მოცარტებს, ნიკიშებს…
ხიდიდან დაგიშვებს, კოცონთან მიგიშვებს,
ან შიშვლად გატარებს ჭკვიანთა ხრიგინში.

ფანჯრიდან – ყვავილებს მიცინებს გარგარი.
ჭერიდან – ჩამომდის ნაკადი გველებად.
შენ როგორ განიცდი, რასა გრძნობ, მარგარეტ,
როცა ცას ღრუბლებში უტყდება ხველება.

მომწყინდა ამდენი კაფსული, აბი და,
ნეტავი, ვეღირსო სიცოცხლის ეპილოგს!
მსურს ჩემი ექიმი გავიდეს კაბიდან -
ამაზე მირტყამს და დამძახის: “დებილო!”

ქცევით და მოპყრობით მაბრაზებს ექთანიც,
ათივე თითი რომ მოუჩანს ნემსებად…
ჭკვიანის ხალათს გიჟ ტანთ იცვამს – ეგ ტანი
სულ ნაკლულ ბოთლს უგავს და უნდა შევსება.

შენ უნდა გესტუმრო, გეფერო, გაგათბო -
ის სითბო სიკვდილის ბოლომდე გეყოფა.
ჭკვიანებს აშინებთ სიგიჟე – მაგათ ხომ
არ უწყით, თუ გრძნობის რას ნიშნავს შეფობა…

მარგარეტ, ძვირფასო, უცნობო მარგარეტ,
არ მცნობ და რატომღაც მგონია – ვერ მიტან
და, მაინც, ვიდრე ამ კედლებში ვხარხარებ,
მომწერე რიგიდან, ოსლოდან, ბერნიდან.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი