მესაფლავე


ზოგჯერ, სიჩუმეში, უცებ დაგეცემა თავზარად
ის, რომ მარჩენალი შენი ოჯახისა – მკვდრებია
და რომ მარკეტებში ბავშვებს ვერაფერზე გაგზავნი,
თუკი არ დამარხე სხვისი ბაბუა და ბებია… -

ვინმეს დამარხავ და სახლში ფულიანი ბრუნდები,
როგორც თივიანი – ბოსელს უბრუნდება მარხილი…
ასე – ვიღაცების მარხვით გიმაგრდება კუნთები,
რასაც გირჩევნია იყო საიდუმლოს მმარხველი…

თუმცა მიწისათვის ცხედრის მიბარება – მადლია,
მკვდარი იმაზე მეტს სულიერისაგან არც ითხოვს,
ჩადებ საფლავში და ბელტებს ჭიანსა და მატლიანს
ისე გადააყრი, თითქოს იფარავდე მარცხისგან…

მაგრამ ღამღამობით ხშირად წარმოიდგენ სახეებს,
კუბოს დახურვამდე გაქვალოდებულებს მელნისფრად,
მაშინ გეჩვენება, რომ შიშს პალტოსავით გახვევენ
და ძგერს ჭერ-კედელი შენი ცხრაბალიან ღელვისგან.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი