გრანელი


“სალხენად, სამღერლად, სალაღოდ არა ვარ მოსული” -
გავაკარ განცხადება.
აქ ჩემთვის ოქრო და ბრინჯაო, კოშკი და ბოსელი
არაფრით განსხვავდება.

არც ვარდი, არც დაფნა, არც ძეგლი – არც ერთი ამათგან
არაა თავანკარა,
აქ, გავჩნდი თუ არა, მყის თვალი სტრიქონმა დამადგა
და აღარ გამახარა.

და, რადგან სულ ვწუხვარ, თქვენ ცდილობთ როგორმე მალაღოთ,
მზელთ ლხენის ტალახებად…
პოეტებს, ამქვეყნად, მდინარევ, მინდორო, ბალახო,
არ ძალუძთ გალაღება.

და ჭურვებს, ლხენისას, ნუ უშენთ პოეტის სადარდელს -
კურცხალთა ცვრიან თაროს!..
თუ ავდრის დრო არი, უდროოდ რად უნდა გადარდეს? -
იავდაროს!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი