ალტერნატივა
ნუ გეგონება,რომ ამ ლექსით რამეს ვუმიზნებ, რასაც ჩამოვწერ,სატრაბახო ალბათ ვერც არი: დავაბინავე მტვრიან სხვენში (ჩუმად) უვიზო, არალეგალი (ახალგაზრდა) ორი მერცხალი. გიჟი არა ვარ,თუ ჩავიცვამ ბოლო მოდაზე და პანთეონში გადავკოცნი ხეებს წიწვიანს, მარცხენა მხრებზე დაწოლილი მკვდრები როდესაც, შუაღამისპირს დაბუჟებულ გვერდებს იცვლიან. ნუ გაიკვირვებ,თუ ვიცინი,მაგრამ მალევე, თუკი მარტივით დავიჭირე უცებ ავდრები, ღვინოს გადავღვრი,თუმცა (იცი) მიყვარს დალევა, ყანწს ავავსებ და ქლორიანი წყლით თუ დავთვრები. არ გაგიკვირდეს,ნევროზი მაქვს რადგან ამჟამად, ძილს გოგოსავით ყოველ ღამე ლექსით თუ ვაბამ, არ გაგიკვირდეს,ღორის ხორცთან ტორტი თუ ვჭამე, ანდა ელარჯი მივატანე ლეღვის მურაბას. თუ გავცოცხლდები(ყველაფერი უცებ მბეზრდება და სიმარტივეს შეგნებულად (რა ვქნა) ვართულებ)- სიკვდილის კუდი დაღლილ გულზე რომ ჩამეზრდება, როგორც სარეცხის გასაფენი ტყემალს მავთული ნუ გაიკვირვებ,თუ არ მიღირს ჩირად ის წლები და ვინმემ ჩემი ცოდვები თუ გამჩენს ახარა, რა ვქნა ძვირფასო,ასეთი ვარ,ვერ შევიცვლები, შეძლებ?გამიგე,თუ არადა...ამ ჩემს ჭაღარას!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი