კუთხეში მჯდარი საოცრად მშვენობ..


კუთხეში მჯდარი საოცრად მშვენობ,
ძველ სითამამეს შორი-შორ უვლი,
გიკითხავ ლექსებს და უკვე შენი,
წიოკით ფეთქავს პატარა გული.

კუთხეში მჯდარი მიყურებ მე და
გაშინებს ოდნავ ავდარი ხველით,
გიკითხავ ლექსებს და უკვე ვხედავ,
გემღვრევა ხმა და გტკივდება ყელი.

კუთხეში მჯდარი ცახცახებ.ელვა
გაკრთება.მეხი ნაძვებში გრდემლობს,
გიკითხავ ლექსებს და უკვე ვღელავ:
ლოყაზე ღვარად ჩამოგდის ცრემლი.

ყველაფერს ვხვდები,საფიქრალს მისევს,
შენი თვალების მდუმარე ტაში:
ჩვენს შორის გრძნობა მოთავსდა ისე,
როგორც რომანი უბრალო ყდაში.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი