მე და უსახელო აფხაზი
იქ, სადღაც მთებიდან იშლება ნანატრი, ნანატრი სამოთხე, დაცხა და ჭაობებს ბურუსის საბანი, საბანი არ უნდათ... თქვენთან ხომ დამთავრდა ლამაზი ქალებით ნაქები მიზიტხუ, ჩვენთან კი დაიწყო ფეხმარდი ცხენებით განთქმული ისინდი. დაწოლილ ყანაში გაჩრილი ნიავი საოცრად ჩაჩუმდა, შენ ვიწრო ბილიკებს ულაყის ნატორალს კარტივით ურიგებ. ბინდისას მესტუმრე სოფელში და მიხმე ჭიშკართან:,,აფშუმა!", მე ძმურად შეგხვდი და გითხარი ღიმილით:,,მოზოჯი შურიგე!" ჭურებთან ქეიფს ხომ სულ, სულ სხვა ეშხი აქვს(გარეთ კი თენდება), თქორია და სწუხარ-ეჰეჰეი, არ დადგა სამგზავრო დარიო... თქვენკენაც, ჩვენსკენაც ღამეებს ათევენ შვილმკვდარი დედები, შენ ალბათ არც იცი... ენგურში თევზიც კი ლიფსიტამკვდარია. შენ, ჩემო ასასო, ერთ-ურთის ტყვიიდან მოკლული სამოყვრო (ჩამოვჯდეთ ერთად და) ვიგლოვოთ(ცრემლებიც დავღვაროთ ულევად). ორივემ ხომ ვიცით, ეგ ჩვენი მიწები გაღმა და გამოღმა, (ერთი გვაქვს სამშობლო და) ჰგვანან ერთმანეთს გაჭრილი გულივით. ჩვენ უნდა თაობებს სხვა ძმობა, სხვა გრძნობა, სხვა ხიბლი ვუჩვენოთ და დარჩეს თავისთავს ჩავლილი წარსული-საზარლად საზარი, შენ, შვილის ქორწილში ხმამაღლა იმღერებ(დამპირდი) თუ,,ჩელას", მე როცა მოვკვდები, აქ, ჩემი სახლიდან ისმოდეს,,აზარი"!.. იქ, სადღაც იშლება ნანატრი, ნანატრი, ნანატრი სამოთხე, დაცხა და ჭაობებს ბურუსის საბანი, საბანი არ უნდათ... თქვენთან ხომ დამთავრდა ლამაზი ქალებით ნაქები მიზიტხუ, ჩვენთან კი დაიწყო ფეხმარდი ცხენებით განთქმული ისინდი!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
1 კომენტარი
ძალიან მაგარი ლექსია.აღფრთოვანებული ვარ.