რეინკარნაცია


შენ "მე" იყავი, "ის" იყავი, "შენ" კი თავისთა-
ვად შენ იყავი,ახლაც ხარ და ასე იქნები
ყოველთვის.პაპამ შეგასწავლა ალბათ ავის და
ცუდის გარჩევა,წაგაკითხა საღვთო წიგნები,

ან წერა-კითხვა არც იცოდი(ხოდა დავუშვათ
ახლაც არ იცი),მაგრამ მაინც წერდი შაირებს
გამთენიისას,როცა ვიწრო სარკმლის ცხაურში
მზე შემოდის და მარილივით სითბოს გაირევს.

თოთხმეტი წლისას უკვე გქონდა აბჯარი ხისა
(თუნდაც) გული კი რკინის,ხოდა ეტრფოდი ოქროს-
თმებიან ასულს.დაშლიდი და აწყობდი ისევ
ყორეს,ცხოვრების ბილიკივით საშინლად ოკროს.

მერე კი იყო დიდი ბრძოლა,პირველად მოკვდი
ომში.ხანჯლები შაოსნებმა ჯვრებივით დარგეს
თქვენს საფლავებზე.მოსახდენი მალევე მოხდა
და მგლის ლეკვები დაიზარდეთ კიდევაც ალგეთს.

შემდეგ ცოტა ხნით ჯარჯი გახდი,მტერი და რისხვა
ჯიხვების.მოწყდი,დაენარცხე ხერხემლის ტეხვით
მიწას.მერე კი ქვიშა ლოკე მისხალ და მისხალ
მწარედ მოსთქვამდა მოკლულ შვილზე სადღაც ძუ ვეფხვი,

მერე თვითონვე ისაუბრე ბალადით ღმერთთან
თამამად(ყველა ქართველში ხომ ნამდვილად ტოკავს
პოეტი),ისევ დაიღუპე ცხრა ძმასთან ერთად
(ცრემლი მოაწვა) და გაუტყდა თებრონეს კოკა.

მოკვდი,გაცოცხლდი ბევრჯერ,ახლა ,,ის"-ში და ,,მე"-ში
დაიდე ბინა,ჩვენც შენსავით ჯიუტად ვივლით,
სვავებს მივუგდეთ მილიონი მოსისხლე ლეში,
ხანჯლის ღარში კი ჩარჩენილა სულების ფხვნილი!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი