სიზმარი მესამე


დედამიწამ ენასავით ამოიდგა
ქარი, მერე აულოკა მთებს ნისლები...
მარცხენა მხრით უშენობას გამოვედე,
მოწყენილი შენი სუნთქვით ვერ ვივსები.
ხევსურეთში მზეა ბუტაფორიული,
სითბოდაცლილს ცაზე ყოფნა ევალება...
აღარ მსტუმრობს
ფიქრში შენი ორეულიც,
გულზე კანი ამცვენია ემალივით.
მორჩა! თოფი გადავტენე და ამასწრო
გაბრაზებამ უნაგირზე ორი წამით,
ვერ ისვენებს ხმალი წელზე მინაბაწრი
და ულაყის მარდი მუხლი მოვიწონე.
ვისვრი ზუსტად, ტყვია უკვე მეხუთეა,
ბანზე გდია მომაკვდავი შენი ქმარი,
ცახცახებ და დაბნეული მეხუტები,
სიყვარულით გული მაგრად შეგიკარი.
ტოლს არ ვუდებ მგელიკებს და აპარეკებს,
თეთრი სახე ხევსურულად შემებურა...
დედამიწა ისევ ქარით ლაპარაკობს,
მე სიყვარულს გეფიცები ჩემებურად!

წყარო: litklubi.ge

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი