უძღები ქმრის დაბრუნება
მოვდივარ,ბევრგან დასერილი (შიშველი) ფეხით, ვამჩნევ,თანდათან ძილივით რომ მერევა დაღლა, უბრალოდ მე ვარ(მეოცნებე),უბრალოდ გლეხი, მოვდივარ მარტო,ხმის გამცემი არავინ მახლავს. ალბათ მრავალჯერ გახუნებულ სიზმრებში მნახე, აღარ გგონივარ სამკალად თუ სათიბად მყოფი, მომაგონდება შენი სახე...ლამაზი სახე- შუბლზე შიგნიდან მივიხატავ სევდიან პროფილს. იქნებ გეგონე დიდი ხნის წინ ქალაქში მკვდარი, იქნებ სიცრუე უშურველად გაჭამა ჩიტმა, ამ დროს კი შენი უღირსი და უძღები ქმარი, უკუნ ღამეებს უძინარი მაჯამად ვრითმავ. ვეცემი,ვდგები,ვეცემი და მოვდივარ მაინც, მოვაღწევ მალე(იმ ქარაფის ხახაში ვსახლობთ), ყველა შეცდომას ჩავაყოლებ მინავლულ დაისს, ოღონდ ჩემს სახლში დავბრუნდე და ოღონდ შენ გნახო. ასაღამურდა.ვიწრო კვამლი აუვათ ქოხებს, (სოფლის კაცებმა მოითავეს კამათი ხველით), დაგიჩოქებ და ორივე ხელს მუხლებზე მოგხვევ, შენ კი უბრალოდ...შენ კი თავზე დამადე ხელი!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი