ბულბული მოდის მწუხარებით


1
ბულბული მოდის მწუხარებით, ცრემლის დენითა -
ვეჭვობ, მებაღეს დაუტუქსავს ცეცხლმოდებითა:
ბულბულო, გადი ამ ბაღიდამ შენის ნებითა,
თორემ კრაზანა შენ დაგჩაგრავს ყოვლის გზებითა!

2
წადი, ბულბულო, შენ მებაღეს შეჰფიცე სჯული,
კრაზანს ევედრე, მოგიტეოს დანაშაული;
ნარგისთან კაცი გააგზავნე: სრულ ჰქნან აღთქმული,
მებაღესთანაც დაგეხმაროს ვარდის ენითა.

3
ადექ, ბულბულო, ვარდის სიტყვით მებაღე ნახე -
თუ წყრომით იყოს, თავი მოიკალ, კარს დაემარხე;
ეგების ბაღში შეგიყვანოს, ნარგიზი ნახე:
კოკობი ვარდი არ მიგიღებს თავის ნებითა!

4
სიკვდილო, მოდი, მიიბარე ბულბულის სული!
მებაღემ დასწყლა და დაჰკოდა ბულბულის გული!
მკვდარი ბესიკი, მოდი, მნახე, ჩამიდგი სული,
თუ გინდ მიწასაც მიმაბარე მოყვრის ენითა!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი